განახლება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უკანონო პატიმრობის გახანგძლივებას.

საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ავრცელებს, რომელსაც გაფრინდაშვილის ადვოკატთან აქვს კონტაქტი.

დე ფაქტო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.

გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოჯახმა, ოპოზიციამ და მთავრობამ სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ გაფრინდაშვილის დროულად დასაბრუნებლად. ს