20 დეკემბერს ვაშინგტონში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოსკაროსანი მსახიობი, ჯეინ ფონდა კიდევ ერთხელ დააპატიმრეს.

ეს ცნობილი ამერიკელი მსახიობი ოქტომბრიდან მოყოლებული ყოველ პარასკევს საპროტესტო აქციებს უდგას სათავეში, რომლის მიზანიც კლიმატის ცვლილების მოსალოდნელ შედეგებზე საყოველთაო ყურადღების მიქცევა და ხელისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოწოდებაა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯეინ ფონდას აქციის გამართვის წესების დარღვევის ბრალდებით აკავებენ: ოქტომბრიდან ნოემბრის ჩათვლით სულ ოთხჯერ იყო დაპატიმრებული, მათ შორის ბოლოს საპატიმროში ერთი ღამის გატარებაც მოუწია.

მას შემდეგ ფონდა და აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში გამოეხატათ თავიანთი პროტესტი, რათა მსახიობისთვის შესაძლო დამძიმებული სასჯელი აერიდებინათ, თუმცა ეს მცდელობა დიდხანს არ გაგრძელდა: გასულ პარასკევს მსახიობი მეხუთედ დააპატიმრეს.

აღსანიშნავია, რომ მეორე დღეს, 21 დეკემბერს ჰოლივუდის ამ ვარსკვლავს 82 წელი შეუსრულდა და გამორიცხული არ არის, რომ მას დაბადების დღის გატარება საპატიმროში მოუწია.

სწორედ ამის გამო მის დაპატიმრებას აქციის დანარჩენი მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ და ჯეინ ფონდას დაბადების დღის მისალოცი სიმღერაც კი უმღერეს.