ტელეკომპანია პირველის დირექტორმა ინგა გრიგოლიამ ფინანასთა მინისტრ ვანო მაჭავარიანთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში დღეს, 27 დეკემბერს იმართება, ტელემაუწყებლებისთვის დადებული ინკასოს თემას განიხილავენ.

როგორც ინგა გრიგოლია ამბობს, მინისტრთან შეხვედრისას პროტესტი გაუჩინა იმან, რომ მაჭავარიანს "არ აინტერესებდა" რატომ იყვენენ მისულები ტელემაუწყებლების დირექტორები.

"ჩვენს თავზე კი არ გველაპარაკებოდა, გველაპარაკებოდა წლების განმავლობაში რატომ დაედო რუსთავი 2-ს ამდენი მილიონის დავალიანება, მერე როგორ დაედოს იმედს. იქ სტრასბურგი ახსენა. მერე გვიყვებოდა დაუსრულებელ ისტორიებს... ამასობაში მე მას ვკითხე, ვინმე დაისაჯა? როდესაც ამხელა დავალაინება არის ბიუჯეტის მიმართ ამ მედიაკომპანიების მხრიდან. მან ასე აგდებულად [მიპასუხა], ვისიც გინდათ, იმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეთო. შემდეგ კითხვაზე რომ გადავედი, არ მისმენდა თავის თემაში იყო და ვუთხარი, რომ აზრს ვერ ვხედავ... პირდაპირ თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ისიც თქვა, ვისიც გინდათ იმის პასუხიმგებლობა დააყენეთო. მოქმედმა მინისტრამ ხელები შეაწმინდა მის წინამორბედ გუნდს", — განაცხადა გრიგოლიამ.

ფინანსთა მინისტრთა შეხვედრაზე რჩებიან ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და რეგიონულ მაუწყებელთა დირექტორი ნათია კუპრაშვილი.

25 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა TV პირველს, კავკასიასა და რუსთავი 2-ს და ერთ-ერთ რეგიონულ მაუწყებელს ინკასო დაადო. ამით ტელევიზიებს ფინანსური ოპერაციები შეეზღუდათ.

ფინანსთა სამინისტროში არ ამხელენ, ზუსტად რომელ ტელევიზიებს დაადეს ინკასო. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს კომერციული საიდუმლოა. ინკასოდადებული ტელევიზიების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა TV პირველის, კავკასიისა და რუსთავი 2-ის წარმომადგენელები ინფორმაციას ადასტურებენ.

რამდენიმე თვის წინ, აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კერძო ტელევიზიებს რუსთავი 2-სა და იმედს და მის ჰოლდინგში შემავალ მაესტროს ბიუჯეტის მიმართ დავალიანებაც ყველაზე მაღალი ჰქონდა (რუსთავი 2 — 28 მილიონი, იმედი — 19 მილიონი, ხოლო მაესტრო 8 მილიონი). მაშინ ფინანსთა მინისტრმა ტელევიზიებს ვალების გადახდის გრაფიკის შეთანხმება შესთავაზა და თქვა, რომ მიმდინარე დავალიანება ყველა არხს უნდა დაეფარა.