ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი ტვიტერზე ეხმაურება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას.

"მივესალმები იმას, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია", — წერს რინკევიჩსი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

დღეს, 28 დეკემბერს 48-დღიანი უკანონოპატიმრობის შემდეგ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს. ექიმი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ოჯახთან ერთად.

ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.

საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა.

საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა და აშშ-ს მთავრობამ.