განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა. ამის შესახებ მან ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე ისაუბრა. ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

"ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ჩვენი დიდი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი. ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების კეთების გარანტად დგას", — განაცხადა მინისტრმა.

სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კვლევას ეხება და ქართუ ფონდმა დააფინანსა, ჩხენკელმა ჯიღაურას უნიკალური მეურნეობის ისტორია გაიხსენა.

"იქ ბატონმა ბიძინამ და ქართუ ფონდმა გადაარჩინეს ჩვენი ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონო ბიძინა ახარებდა ვაზს, უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნარჩუნებდა უნიკალურ ჯიშებს. უღრმესი მადლობა ბატონ ბიძინას და ყველა ადამიანს, რომელიც ასე ღირსეულად აგრძელებს დიდი ექვთიმე თაყაიშვილის საშვილიშვილო საქმეს", — აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

ამავე თემაზე:

  1. ივანიშვილი: ყველაზე წარუმატებელი კაციც ჰპოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე