პარლამენტის წინ კარვების აყრისა და ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ, საბავშვო ატრაქციონებს ამონტაჟებენ. ტერიტორია 31 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის პირველის ნახევარზე გაწმინდეს. კარვების გარდა, რუსთაველის გამზირზე იყო აქციებისთვის საჭირო ატრიბუტიკა — დროშები, გახარიას ბიუსტი და ბანერები.

როგორც მერიაში On.ge-ს უთხრეს, მათ წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ.

"ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურის აღება, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს", — განაცხადეს მერიაში.

თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა ვერ შეძლო, რუსთველზე კი უფრო მეტი კარავი გაიშალა. მერიას მოუწია საახალწლო ღონისძიებები პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაეტანა.