ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემის შემდეგ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა გათავისუფლდა.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მის ადგილს გრიგოლ მანდარია დაიკავებს. უწყებაში მიზეზს არ აკონკრეტებენ, თუმცა დირექტორის გათავისუფლება სამთოკურორტების პრობლემებს ემთხვევა. დირექტორის თანამდებობაზე ეკატერინე გილდავამ 7 თვის განმავლობაში 38 749 ლარი აიღო, მისი ანაზღაურება თვეში საშუალოდ 5 500 ლარი იყო. მანამდე ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის პოლიტიკის და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო.

ბაკურიანსა და გუდაურში წყლის მიწოდების პრობლემა თითქმის ერთი კვირაა მოუგვარებელია. ტურისტული სეზონის პიკში, ბაკურიანში სასტუმროების ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ნაწილს კი წყალს სახანძრო მანქანები აწვდის. გუდაურთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებდა, რომ პრობლემა გუდაურში მშრალი კლიმატური პირობების გამო წყლის მარაგის შემცირებამ და სეზონზე გაზრდილი მოხმარების შედეგად წნევის ვარდნამ გამოიწვია.

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყაროა. მეტწილად, სწორედ მასზეა დამოკიდებული ეროვნული ვალუტის სიმყარე და ქვეყნის განვითარება.