ფინეთის მთავრობა უარყოფს, რომ ქვეყანაში ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღებას აპირებენ. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ფინეთის მთავრობა ტვიტერზე გამოეხმაურა.

"ფინეთის მთავრობის პროგრამაში ოთხდღიანი სამუშაო კვირა ნახსენები არაა. საკითხი ფინეთის მთავრობის დღის წესრიგში არ დგას. პრემიერი-მინისტრმა, სანა მარინიმ ამ იდეაზე წინა წლის აგვისტოში პანელის დისკუსიის დროს მოკლედ ისაუბრა, ბოლო დროს კი რაიმე სახის აქტივობა არ ყოფილა", — ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღებას აპირებდა, ხოლო სამუშაო საათები ექვს საათამდე უნდა შემცირებულიყო. იდეა სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა და მომხმარებელების მოწონებაც დაიმსახურა.

34 წლის სანა მარინი ფინეთის პრემიერად გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მოქმედი პრემიერია. ამასთანავე, ის ფინეთის ისტორიაშიც ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია.

მარინი ტრანსპორტი მინისტრი იყო და მისი კანდიდატურა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ყოფილი პრემიერის, ანტი რინეს გადადგომის შემდეგ დააყენა. ფინეთის ახალგაზრდა პრემიერი სათავეში ჩაუდგება მემარცხენე ცენტრისტულ კოალიციურ მთავრობას, რომელიც ხუთ პარტიას აერთიანებს და ყველა მათგანის ლიდერი ქალია.