რამდენიმე სიტყვით:

  • თავდასხმა ოთხშაბათს გამთენიისას მოხდა. ირანმა ერაყში განლაგებული ორი ამერიკული ბაზა ამოიღო მიზანში;
  • პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტში განაცხადა, რომ "ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა";
  • ირანი ამბობს, რომ ეს შურისძიებაა გენერალ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო;
  • "ნებისმიერი ტერიტორია, საიდანაც დაიწყება ირანზე შეტევა, მიზანში იქნება ამოღებული", — ნათქვამია განცხადებაში;
  • ირანული სახელისუფლებო მედიის თქმით, ოპერაციას "მოწამე სოლეიმანი" უწოდეს;
  • აშშ-ს სამხედრო ძალების წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ სამხედრო პირებს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ სარაკეტო შეტევებს გარიდებოდნენ და დაშავებულები არ არიან;
  • თავდასხმამ უკვე იქონია გავლენა ეკონომიკაზე. ნავთობის ფასმა 5%-ით აიწია და ამჟამად ბარელის ფასი $69,94-ია. აიწია ოქროსა და იაპონური იენის ფასმაც. პარალელურად კი, გაიაფდა საერთაშორისო კომპანიების აქციები, რაც მოვლენების შესაძლო გამწვავების შიშითაა გამოწვეული;

  • ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანმა სულ 22 რაკეტა გაისროლა. ალ ასადისკენ მიმართული 17 რაკეტიდან ორი ტექნიკურად გაუმართავი აღმოჩნდა. ირბილისკენ მიმართულმა ხუთივე რაკეტამ მიაღწია მიზანს.

  • მრავალსაათიანი დუმილის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ ერაყში აშშ-ის ბაზებზე მიტანილი სარაკეტო შეტევის შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც ნატოს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სანამ ის ამერიკის პრეზიდენტია, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღის ქონის უფლება.
  • ამერიკული მედია წერს, რომ ირანმა შეცდომით ჩამოაგდო უკრაინული თვითმფრინავი.

ირანმა ერაყში არსებული მინიმუმ ორი ამერიკული ბაზა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. აშშ-ის ცნობით, ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით სულ მცირე 12 რაკეტა ისროლეს. თავდასხმა გასულ კვირას ირანელი გენერლის, სოლეიმანის ლიკვიდაციას უკავშირდება. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათ განაცხადეს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განლაგებული, შეიძლება აგრესიის სამიზნე გახდეს. გარდა ამისა, გუშაგთა კორპუსმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, მთავრობას რეგიონიდან სამხედრო ძალების გაყვანა მოსთხოვონ.

ერაყის უსაფრთხოების ძალები ამბობენ, რომ მსხვერპლი არაა. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, სამხედრო პირები სარაკეტო შეტევის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ და მათ საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ თავი ბუნკერისთვის შეეფარებინათ.

აშშ-ის რეაქცია მომხდარზე

თავდასხმიდან ცოტა ხანში თეთრ სახლში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მარკ ესპერი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მივიდნენ, რათა დონალდ ტრამპი საქმის კურსში ჩაეყენებინათ.

CNN-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ირგვლივ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. გავრცელდა უწყების განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა სტრატეგიულ შენობაზე კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერდება.

მომხდარის შესახებ პენტაგონმა განცხადება გაავრცელა:

ირანმა თავდასხმა განახორციელა აშშ-ისა და მოკავშირეების დანაყოფებზე ერაყში. ეჭვს არ ტოვებს, რომ რაკეტები ირანმა გამოუშვა. დაიბომბა მინიმუმ ორი ბაზა ალ-ასადსა და ირბილში.

ვმუშაობთ ზიანის შეფასებაზე.

ირანის მხრიდან მუქარებისა და აგრესიული ქმედებების საპასუხოდ თავდაცვის უწყებამ ყველა შესაძლო ზომა მიიღო, რათა პარტნიორებისა და პერსონალის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.

სანამ სიტუაციას ვსწავლობთ და პასუხისთვის ვემზადებით, ყველა ზომას მივიღებთ, რომ დავიცვათ აშშ-ის პერსონალი და პარტნიორები რეგიონში.

აშშ-ის ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო თვითმფრინავებს ერაყის, ირანის, სპარსეთისა და ომანის ყურეების თავზე ფრენა აეკრძალათ.

დონალდ ტრამპი მომხდარს ტვიტერზე ასე გამოეხმაურა:

"ყველაფერი კარგად არის! სარაკეტო შეტევა ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე ირანიდან განხორციელდა. მსხვერპლისა და ზიანის შეფასება ახლა მიმდინარეობს. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა! ჩვენ ყველაზე ძლიერი და საუკეთესოდ აღჭურვილი არმია გვყავს მთელ მსოფლიოში. განცხადებას დილით გავაკეთებ", — წერს ტვიტერზე დონალდ ტრამპი.

რა ხდება ირანში

როგორც ირანული მედია იუწყება, ყასემ სოლეიმანი თავის მშობლიურ ქალაქში, კერმანში ჩაასვენეს.

ფოტო: Fars News

ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars News-მა ირანის ლიდერის დაუთარიღებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აიათოლა სეიედ ალი ხამენეი მრავალრიცხვოვან საზოგადოებას მიმართავს და ამბობს, რომ აშშ-მ შეიძლება ირანს ავნოს, მაგრამ ამით საკუთარ თავს ბევრად უფრო დააზიანებს.

აიათოლა ხამენეი ამატებს: როგორც ერთ დროს ვთქვი (იგულისხმება ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდი), დარტყმისა და გაქცევის დრო დასრულებულია. თუ დაგვარტყამთ, ჩვენც გიპასუხებთ.

ირანის ოფიციალურმა პირმა, ტელეკომუნიკაციების მინისტრმა ჯავად აზარი ჯაჰრომიმ ტვიტერზე დაწერა: გაეთრიეთ ჩვენი რეგიონიდან.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა საკუთარ ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ თუ ირანის ტერიტორიაზე ბომბი ჩამოვარდება, ირანი მიზანში დუბაისა (გაერთიანებული ემირატები) და ჰაიფას (ისრაელი) ამოიღებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა კი მომხდარი ასე შეაფასა: "ირანს სიტუაციის გამწვავება არ სურს, თუმცა ნებისმიერი აგრესიისგან დაიცავს თავს".

ტვიტში ნათქვამია: ირანმა თავდაცვისთვის აუცილებელი პროპორციული ზომები მიიღო და იმ ბაზებზე მიიტანა იერიში, საიდანაც ირანელ მოქალაქეებსა და აღმასრულებელ პირებზე მიმდინარეობდა შეიარაღებული თავდასხმები.

ზარიფის ტვიტს ექსპერტები ირანის მხრიდან დე-ესკალაციის პოტენციურ ნიშნად აღიქვამენ.

ცოტა ხნით ადრე CBS-სთან საუბარში ზარიფმა განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ აშშ-მ ასეთი გზა აირჩია.

რაც შეეხება ერაყში აშშ-ის გარდა სხვა ქვეყნების დანაყოფებს...

მიუხედავად იმისა, რომ ირანი მხოლოდ აშშ-ის სამხედრო ძალებითაა დაინტერესებული, ერაყში სხვა ქვეყნების ჯარისკაცებიც არიან განლაგებულნი ანტი-ISIS კოალიციის ფარგლებში.

კანადამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით 500 ჯარისკაცი ბაზებიდან ქუვეითში გადაჰყავს.

გენერალმა ჯონათან ვანსმა ჯარისკაცების ოჯახებს მიმართა. მისი თქმით, კანადელი ჯარისკაცები უსაფრთხოდ არიან.

მომხდარ ამბებს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისის წარმომადგენელიც და BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ სიტუაციის შესწავლა ადგილზე მიმდინარეობს და ბრიტანელი ჯარისკაცების უსაფრთხოება ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტია.

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერაყში მყოფი ავსტრალიელი პირებიდან არავინ დაშავებულა.

საქართველოს საგარეო სამინისტროს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

რა ვიცით მიზანში ამოღებული სამხედრო ბაზების შესახებ

ალ ასადის საჰაერო ბაზა ერაყში ამერიკელების ერთ-ერთი ყველაზე ძველი სამხედრო წერტილია. ის ანბარის პროვინციაშია განლაგებული და 2014-2017 წლის ISIS-ის მოვლენების დროს ყველაზე ცხელი წერტილი იყო.

2018 წლის დეკემბერში ჯარისკაცები ალ ასადში დონალდ ტრამპმა მოინახულა. ერთი წლის შემდეგ კი ბაზაზე ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსიც ჩავიდა და მადლიერების დღე 150-მდე ჯარისკაცს მიულოცა.

ერბილის ბაზა ერაყის ნახევრადავტონომიურ, ქურთებით დასახლებულ რეგიონშია განლაგებული. ისინი ISIS-ის წინააღმდეგ მოქმედებებში აშშ-ის მოკავშირეები იყვნენ.

რამდენად დიდი სამხედრო ძალა აქვს ირანს?

ირანის არმია ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისგან შედგება.

მათგან 150 000 ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს წარმოადგენს.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) დაახლოებით 40 წლის წინ შეიქმნა, რათა ირანში ისლამური სისტემა დაეცვა.

IRGC-ს სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური წონა აქვს ქვეყანაში.

ირანს შეიარაღებაში აქვს საბჭოთა და ირანული წარმოების ტექნიკა.

აქვს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეისგან შეიძინა.

ირანის რაკეტები მისი სამხედრო ძალის მთავარი უპირატესობაა.

რა უძღვოდა წინ დაძაბულობას? აშშ-ის, ირანისა და სოლეიმანის ამბავი მარტივად

აშშ-ისა და ირანის მტრობის ამბავი გასული საუკუნიდან იწყება. პირველი პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირანმა 1979 წელს ამერიკის მიერ მხარდაჭერილი შაჰი გადააგდო და ქვეყანა ისლამურ რესპუბლიკად იქცა.

იმავე წელს ათეულობით ამერიკელი აიყვანეს ტყვედ აშშ-ის საელჩოში, თეირანში. მას შემდეგ ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობა აღარ დამთბარა, თუმცა ამ გზაზეც იყო აღმავალი და დაღმავალი მომენტები.

2015 წელს ცივილური დიპლომატიური ნიშნები გაჩნდა, როცა ირანი თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას დათანხმდა, სამაგიეროდ კი მას მკაცრი ეკონომიკური სანქციები მოეხსნა.

პრეზიდენტმა ტრამპმა არჩევისთანავე ცხადად დააფიქსირა თავისი პოზიცია ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ეს "ყველაზე ცუდი წინადადებაა აშშ-ის ისტორიაში".

2018 წელს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და ირანის მიმართ სანქციები ისევ გამკაცრდა, რამაც ირანის ეკონომიკა კრიზისში ჩააგდო.

2019 წელს ტრამპმა ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა და მეორადი სანქციები დაუწესა ირანის სავაჭრო პარტნიორებს.

ამას მოჰყვა მაისსა და ივნისში ომანის ყურეში ექვსი ნავთობ-ტანკერის ჩაძირვა. ირანმა ვაშინგტონის ბრალდება მათ ჩაძირვასთან დაკავშირებით უარყო.

ივლისში თეირანმა ახალი შეთანხმების ფარგლებში არსებულ გარკვეულ ვალდებულებებზე უარი თქვა.

დეკემბრის ბოლოს აშშ-მ ერაყში ამერიკელ კონტრაქტორზე თავდასხმაში ირანთან დაკავშირებული მილიცია დაადანაშაულა. ვაშინგტონმა ერაყსა და სირიაში ირანულ მილიციასთან ასოცირებული ბაზები დაბომბა და სულ მცირე 25 მებრძოლი დახოცა.

ერაყში ამან პროტესტის ტალღა გამოიწვია. ბაღდადში აშშ-ს საელჩოში დემონსტრანტები შეიჭრნენ. პრეზიდენტმა ტრამპმა შეტევის ორგანიზებაში ირანი დაადანაშაულა.

3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში გენერალი სოლეიმანი აშშ-ის დრონმა მოკლა. ის ირანის ძალებს მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით აკონტროლებდა.

ირანმა დაიფიცა, რომ "მწარედ იძიებდა" შურს სოლეიმანის სიკვდილის გამო, ორი დღის შემდეგ კი ბირთვული შეთანხმება დატოვა.

ტრამპმა მუქარას უპასუხა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-ს შეიძლება არაპროპორციულად დიდი ძალა გამოეყენებინა.

სწორედ ამას მოჰყვა ამერიკულ ბაზებზე შეტევა ერაყში.