ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერაყში ირანის მიერ ამერიკის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ირანს ახალ სანქციებს დაუწესებენ.

"შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ დააწესებს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს ირანის რეჟიმზე. ეს ძლიერი სანქციები იმოქმედებს მანამ, სანამ ირანი თავის ქცევას არ შეცვლის. მხოლოდ ბოლო თვეებში ირანმა საერთაშორისო წყლებში ჩაძირა გემები, არაპროგნოზირებულად დაესხა თავს საუდის არაბეთს და ჩამოაგდო ორი ამერიკული თვითმფრინავი", — თქვა დონალდ ტრამპმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია აგრძელებს ირანის სარაკეტო დარტყმებზე რეაგირების სხვა ვარიანტების განხილვას.

8 იანვარს, დილით ირანმა ერაყში არსებულ ორ ამერიკულ ბაზას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. აშშ-ის ცნობით, ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით სულ მცირე 12 რაკეტა ისროლეს. თავდასხმა გასულ კვირას ირანელი გენერლის, სოლეიმანის ლიკვიდაციას უკავშირდება.

განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განლაგებული, შეიძლება აგრესიის სამიზნე გახდეს. გარდა ამისა, გუშაგთა კორპუსმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, მთავრობას რეგიონიდან სამხედრო ძალების გაყვანა მოსთხოვონ. ირანული სახელისუფლებო მედიის თქმით, ოპერაციას "მოწამე სოლეიმანი" უწოდეს.

ტრამპმა პირველ კომენტარი აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით ყველაფერი რიგზეია. აშშ-ს სამხედრო ძალების წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ერაყის ბაზაზე მყოფ სამხედრო პირებს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ირანის სარაკეტო შეტევებს გარიდებოდნენ. მისი თქმით, ჯარისკაცებმა ბუნკერებისთვის თავის შეფარება დროულად შეძლეს.

აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზა ერაყში 2003 წელს, სადამ ჰუსეინის ლიკვიდაციის შემდეგ განლაგდა, შემდეგ კი ერაყში და სირიაში სამხედრო ოპერაციების დროს იყო გამოყენებული. ამ ბაზაზე აშშ-სა და მისი მოკავშირეების 1 500 ჯარისკაცი იმყოფება.

აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ერაყის, ირანის, სპარსეთის ყურისა და ომანის ყურის თავზე სამოქალაქო ფრენები შეზღუდა.

გაიგეთ მეტი: