დღეს, 8 იანვარს, ბაკურიანის ერთ-ერთმა დამსვენებელმა ფეისბუქზე გაავრცელა პოსტი, სადაც წერდა, რომ საბაგიროზე ბაჭოთა რუბლის გამოყენებით მგზავრობდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ თემაზე სპეციალური პროცედურები დაიწყო.

"თუ წლების განმავლობაში რაღაც ფურცლის ნაგლეჯი იყო, ახლა მიმოქცევაში არც მეტი, არც ნაკლები რუბლი ჩაეშვა. გადაიხდი ლარს და იყიდი რუბლს თავისი ნამგალითა და უროთო, ზვიოზაჩკითა და საიუზ სავეცკიხ სოციალისწიჩესკიხ რესბუბლიკით", — წერდა ანა მარშანია ფეისბუქზე.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმდჯომარეობით მოქმედმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება", — ნათქვამია განცხადებაში.

თავისუფლების ქარტია საქართველოს კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.