სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორმა კრის დიქმენმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ავსტრალიაში ნახევარი მილიარდი ცხოველი იყო დაღუპული, თუმცა უკანასკნელი მონაცემებით, ხანძრებმა უკვე მილიარდზე მეტი ცხოველი შეიწირა.

ახალი მონაცემები მოიცავს როგორც უშუალოდ ხანძრის დროს, ასევე ირიბად — შიმშილისა და გაუწყლოების შედეგად დაღუპული ცხოველების რიცხვს. ჩამონათვალში შედის ძუძუმწოვრები, ჩიტები და რეპტილიები, თუმცა არა ბაყაყები, მწერები და სხვა უხერხემლოები.

ფოტო: Lisa Maree Williams

"ის, რასაც ახლა ვხედავთ კლიმატის ცვლილებების შედეგია. დიდი ალბათობით, მსგავსი პროცესებს ნელ-ნელა დანარჩენ მსოფლიოშიც ვიხილავთ", — განაცხადა პროფესორმა დიქმენმა.

პროფესორის შეფასებები ეფუძნება 2007 წლის კვლევას. კვლევა ავსტრალიის ბუნებაზე ტყეების აქტიური ჩეხვის გავლენას ეხება. დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებები ძუძუმწოვრების, ჩიტებისა და რეპტილიების პოპულაციებს სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს.

ფოტო: Lisa Maree Williams

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში ხანძრის რამდენიმე ზონაში გაწვიმდა, ამინდის პროგნოზის მიხედვით ავსტრალიაში კვლავ მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

ავსტრალია მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, არსებობს 300-მდე სახეობა, რომელიც მხოლოდ ამ კონტინენტზე გვხვდება. მეცნიერების თქმით, ხანძრებმა, შესაძლოა, უამრავი მათგანი გადაშენებამდე მიიყვანოს და ეკოსისტემა მნიშვნელოვნად დააზიანოს.