რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს, რომ აწ უკვე გადამდგარი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ისევ მასთან დაასაქმოს, ამიტომ სპეციალურად ამისთვის ახალი თანამდებობა მოიფიქრა. მისი თქმით, მთავრობაში ყოფნისას მედვედევი ყოველთვის მუშაობდა უსაფართხოებისა და თავდაცვისუნარიანობის საკითხებზე, ამიტომ სურს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გახდეს.

პუტინმა განმარტა, რომ საბჭოს ხელმძღვანელი თავად არის, რადგან კანონის მიხედვით ეს თანამდებობა პრეზიდენტს ეკუთვნის, მის მოადგილედ მედვედევის დასანიშნად კი კანონში ცვლილებების შეტანა და თანამდებობის დარეგისტრირებაა საჭირო.

"ვფიქრობ, რომ შესაძლებელია და გავაკეთებ ამას უახლოეს დღეებში, შემოვიღებ თანამდებობას", — განუცხადა მან გადამდგარ მინისტრთა კაბინეტს.

ამ შეხვედრაზე მან მედვედევისა და მინისტრთა საბჭოს საქმიანობაც შეაფასა და მადლობაც გადაუხადა. თუმცა აღნიშნა ისიც, რომ მათ "ყველაფერი არ გამოვიდათ, მაგრამ ყველაფერი არც არასდროს გამოდის".

"რაც შეეხება ჩვენს ჩვენს [პუტინი და მედვედევი] თანამშრომლობას, ამაზე ვისაუბრეთ. მედვედევი მთავრობის მეთაური იყო, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. უკვე რვა წელია, პრაქტიკულად, ის მართავს მთავრობას, რაც, ალბათ, ყველაზე დიდი პერიოდია თანამედროვე რუსეთის ისტორიაში. ჩვენ შევთანხმდით", — განაცხადა მან.

რუსეთის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომის შესახებ აწ უკვე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი მედვედევმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ "გზა გაუთავისუფლოს" პრეზიდენტს ახალი ინიციატივისთვის.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე პუტინმა დღეს, 15 იანვარს ფედერალური კრებაზე მიმართვის დროს ისაუბრა. მისი ინიციატივით, პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერების, მინისტრებისა და ფედერალური მინისტრების კანდიდატურები დუმამ უნდა დაამტკიცოს. კონსტიტუციის ამჟამინდელი რედაქციით, მთავრობის შემადგენლობას პრეზიდენტი ამტკიცებს.

პუტინი ამბობს, რომ ცვლილების შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება არ ექნება უარყოს კანდიდატურა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. ამავე დროს კი, იტოვებს უფლებას, რომ ნდობის დაკარგვის ან არასათანადოდ მუშაობის შემთხვევაში მთავრობის რომელიმე წევრი გადააყენოს.

ამასთანავე პუტინმა დაამატა, რომ პრეზიდენტს სამხედრო ძალებითა და ძალოვანი უწყებების მართვის უფლება უნდა დარჩეს.

უფლებამოსილების გადანაწილების გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა სხვა ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი აზრით, კონსტიტუციის იმ მუხლში, სადაც ზედიზედ ორჯერ საპრეზიდენტო პოსტის დაკავებას კრძალავს, სიტყვა "ზედიზედ" უნდა ამოიღონ.

პუტინი ამბობდა, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.

ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა 2000 წლიდან უკავია. 2008-2012 წლებში ის პრემიერ-მინისტრი გახდა, შემდეგ კი ისევ პრეზიდენტობას დაუბრუნდა. 2018 წლის არჩევნებით ის ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მეოთხე ვადით ისევ პრეზიდენტი გახდა. რუსეთის ამჟამინდელი კონსტიტუციით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მას კანდიდატურის დაყენების უფლება არ აქვს.