ყოველწლიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ვეგანური ცხოვრების სტილს ირჩევენ. ისინი სხვადასხვა მიზეზით დგამენ ამ ნაბიჯს, თუმცა მათი არჩევანი ერთნაირად სარგებლის მომტანია როგორც გარემოსთვის, ასევე — თავად მათთვის.

დასაწყისისთვის, განვმარტოთ ვეგანიზმი, რადგან ხშირად მას ვეგეტარიანელობაში ურევენ ხოლმე. ვეგანები, განსხვავებით ვეგეტარიანელებისგან, უარს ამბობენ ყველა იმ ნაწარმზე, რომლის წარმოებაც სულიერი არსებების ექსპლუატაციის გზით ხდება. გარდა იმისა, რომ მათ საკვებ რაციონში არაა ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ისინი უპირისპირდებიან იმ გასართობ თუ სამედიცინო ინდუსტრიებს, რომლებიც ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შედეგად ხეირობენ.

რასაკვირველია, დიდ ბიზნესთან დაპირისპირება ადვილი არაა; ამას ემატება ის დეზინფორმაციაც, რომელიც ვეგანიზმზე ფართოდაა გავრცელებული და ხშირ შემთხვევაში ვეგანების დისკრედიტაციას ახდენს. ამრიგად, ქვემოთ ვისაუბრებთ რამდენიმე მიზეზზე, რატომ უნდა ვთქვათ უარი სისასტიკეზე, რომლის მონაწილეებიც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ვხდებით.

1. ვ — ვიტამინები

ფოტო: Adam Nieścioruk / Unsplash

ყველაზე გავრცელებული მითი ვეგანიზმზე სწორედ ვიტამინებს უკავშირდება. რეალურად, დაბალანსებული ვეგანური კვება, გამონაკლის შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, სრულიად საკმარისია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ეს უკვე დაადასტურა საკუთარ კვლევებში არაერთმა პრესტიჟულმა ინსტიტუტმა, მათ შორის სტენფორდის, ოქსფორდის, ჰარვარდის და კალიფორნიის უნივერსიტეტებმა. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც მხარი დაუჭირა ვეგანიზმს, როდესაც ჯანსაღი ცხოვრების და კვების 12 ნაბიჯიდან პირველივეში აღნიშნა, რომ სჯობს, ჩვენს დიეტაში უპირატესობა მცენარეული წარმოშობის საკვებს მივანიჭოთ.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი მაინც ფიქრობს, რომ ისეთი სასარგებლო ნივთიერებების მიღება, როგორებიცაა კალციუმი, პროტეინი, რკინა და B12, ვეგანური კვებისას რთული ან შეუძლებელია. სინამდვილეში, უამრავი მცენარეული წყარო არსებობს, საიდანაც ამ ნივთიერებების მიღებაა შესაძლებელი. მაგალითისთვის, პროტეინით მდიდარი საკვებია ოსპი, გოგრა, არაქისი. რკინა რომ პარკოსნებში ყველაზე მეტია, ეს ისედაც ცნობილი ფაქტია. აი, კალციუმს რაც შეეხება, რომელსაც არავეგანები უმეტესად რძის პროდუქტებიდან იღებენ, ის შეგვიძლია ისეთი მცენარეული წყაროებიდან შევივსოთ, როგორებიცაა სოიოს რძე, ტოფუ ან თუნდაც ისპანახი. რაც შეეხება B12-ს, ბევრი ვეგანი მას ტაბლეტების სახით იღებს, თუმცა მისი პოვნა მცენარეულ საკვებშიცაა შესაძლებელი.

2. ე — ეთიკური მიზეზები

2005 წლის დოკუმენტურ ფილმს, Earthlings, სადაც ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის კადრებია ასახული, ხოაკინ ფენიქსი ახმოვანებს.

ფოტო: PETA

ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რატომაც ამბობენ ადამიანები უარს ცხოველურ პროდუქტებზე, სწორედ ეთიკურ მხარეს უკავშირდება. "ცხოველები ჩემი მეგობრები არიან, მე კი მეგობრებს არ ვჭამ", — ეს ფრაზა ცნობილ ირლანდიელ დრამატურგს, ჯორჯ ბერნარდ შოუს ეკუთვნის. ვეგანები თითოეულ სიცოცხლეს აფასებენ და უფრთხილდებიან. თუმცა ის, რაც ბევრ ადამიანს აფერხებს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას, არცოდნაა. ქართველი ცხოველთა უფლებადამცველი, მადონა ცეცხლაძე ამბობს, რომ "წარმოდგენა არ ჰქონდა იმ სისასტიკის შესახებ, რასაც რძის და ხორცის ინდუსტრია მალავს". თუმცა, როგორც კი გაიგო, ბევრი აღარ უყოყმანია და ცხოველური პროდუქტების მოხმარება შეწყვიტა.

მის მსგავსად, თბილისში მცხოვრებმა 27 წლის ჟურნალისტმა, კობამაც არ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ. მეტიც, მას ირონიული დამოკიდებულებაც კი ჰქონდა ცხოვრების ამგვარი წესისადმი, რადგან მის გარშემო ვეგანი არავინ იყო. შემდეგ ვეგანური დიეტის დაცვა წონის დასაკლებად გადაწყვიტა. პარალელურად კი, ვლოგერების წყალობით, დიდი ბიზნესების მიერ ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაზეც შეიტყო და მას მერე ვეგანური საკვები რაციონი აღარ შეუცვლია.

"სისასტიკე ნაკლები სისასტიკე როდია მხოლოდ იმიტომ, რომ
ლაბორატორიებში ხდება და სამედიცინო კვლევა ჰქვია", — ჯორჯ ბერნარდ შოუ.

თუმცა მხოლოდ სასაკლაოზე როდი ხდება სისასტიკე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გასართობი და სამედიცინო ცენტრები ასევე მონაწილეობენ მსგავს პრაქტიკაში. ცირკი და არასათანადოდ მოწყობილი ზოოპარკი ის ადგილებია, სადაც ცხოველებს უამრავი ტკივილის და წამების ატანა უწევთ. ამას გარდა, კოსმეტიკური ბრენდები თუ ლაბორატორიები გამუდმებით ტესტავენ პროდუქციას ან ატარებენ ცდებს ცოცხალ არსებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე პროდუქტი ადამიანსა და ცხოველზე, შესაძლებელია, სრულიად განსხვავებულად მოქმედებდეს. ამ მიზეზთა გამო, ადამიანები, რომლებიც ეთიკური პოზიციიდან გამომდინარე ირჩევენ ვეგანიზმს, ცდილობენ, არც ამ ტიპის კომპანიების მედიკამენტები და კოსმეტიკური საშუალებები შეიძინონ.

სამოსის ინდუსტრიაში გამოყენებული ტყავი და ბეწვეული, ცხადია, რომ უმეტეს შემთხვევაში ცხოველების წამებით და მოკვდინებით მიიღება, თუმცა ეს თემა საკმაოდ ვრცელია, ამიტომ მასზე საუბარს აღარ გავაგრძელებთ; მით უმეტეს, რომ დიდი ხანია, რაც ხელოვნური ტყავის და ბეწვეულისგანაც იწარმოება პროდუქცია, არაერთმა ცნობილმა სამოსის დიზაინერმა კი საერთოდ უარი თქვა მათ გამოყენებაზე.

დღესდღეობით ინტერნეტსივრცეში უამრავი ფოტო თუ ვიდეომასალაა, რომელიც ასახავს, რა ხდება სასაკლაოებსა თუ სხვა დაწესებულებებში, სადაც ცხოველებს აწამებენ და კლავენ. 2005 წელს გამოსულმა შონ მონსონის ფილმმა, დედამიწელები, ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. დოკუმენტურ ნამუშევარში ნაჩვენებია ხუთი გზა, რომლითაც ადამიანები ცხოველთა ექსპლუატაციას ეწევიან. ფილმში გამოყენებულია სისასტიკის ამსახველი დოკუმენტური ვიდეოჩანაწერები, რაც განსაკუთრებით მძიმე საყურებელს ხდის მას. ფილმის საჯარო ჩვენება გასულ წელს რამდენიმე ადგილას თბილისშიც გაიმართა — მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დამსწრეების ემოციები მძაფრი იყო.

ასეთივე რეაქცია გამოიწვია 2018 წლის ფილმმა, დომინიონი, რომელშიც ასევე ბევრისთვის უცნობი დოკუმენტური მასალაა გამოყენებული.

3. გ — გარემოზე ზრუნვა

შვედმა მოსწავლემ, გრეტა თუნბერგმა, კიდევ ერთხელ დააფიქრა მსოფლიო ლიდერები თუ უბრალო მოქალაქეები ჩვენი საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობაზე. ბოლო დროს ამაზონსა და ავსტრალიაში გავრცელებულმა ტყის ხანძრებმა კი ყველას შეახსენა, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ბუნებისადმი უპასუხისმგებლო მოპყრობამ. გარდა იმისა, რომ გრეტა თავადაც ვეგანია, მან საკუთარ მშობლებსაც მოუწოდა, იგივე გადაწყვეტილება მიეღოთ.

თუ მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო გამოსვლებზე გადაღებულ ფოტოებს გადავხედვათ, ხშირად წავაწყდებით ბანერებს, რომლებზეც მსგავსი ტექსტებია დაწერილი: "ნაკლები ხორცი ნაკლები სიცხეა" ან "ნუ ისაუბრებ კლიმატის ცვლილებაზე, თუ პირი ხორცით გაქვს სავსე". მაგრამ მაინც რა კავშირშია ხორცის მწარმოებელი ინდუსტრია კლიმატის ცვლილებასთან?

გლობალური დათბობის გასაპროტესტებლად გამოსული ადამიანები ხშირად უსვამენ ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხორცის წარმოების ინდუსტრია კლიმატის ცვლილების პროცესში.

ფოტო: Demir Sönmez / Greenpeace

მეცხოველეობა პასუხისმგებელია სათბურის აირების ყველაზე დიდი რაოდენობის გამოყოფაზე (ეს მაჩვენებელი 14-დან 18 პროცენტამდე მერყეობს). შესაბამისად, გარემოს ტრანსპორტზე მეტ ზიანს სწორედ ეს მეურნეობა აყენებს. გარდა ამისა, ფერმების გასაშენებლად იჩეხება უდიდესი ფართობის ტყეები, ხოლო ამ ფერმების მუშაობისათვის იხარჯება ძალიან ბევრი რესურსი, რომლის სხვა მიზნებისთვის გამოყენება შიმშილობის პრობლემას მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში გადაჭრიდა.

ფაქტების უკეთ წარმოსაჩენად კი უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთი ვეგანი ადამიანი, გარდა იმისა, რომ არაერთი სიცოცხლის გადარჩენის გარანტია, ყოველდღიურად ზოგავს 20,4 კილოგრამ ხორბალს, 3785 ლიტრ წყალს და 2,8 კვადრატული მეტრის ტყის ფართობს.

"ვეგანური კვება ყველაზე მარტივი და, ამავდროულად, უდიდესი მნიშვნელობის გზაა იმისათვის, რომ მინიმუმამდე შეამციროთ საკუთარი ზემოქმედება პლანეტაზე", — ამბობს ჯოზეფ ფური, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი.

4. ა — ადამიანებზე ზრუნვა

ზემოაღნიშნულიდან ცხადი ხდება, რომ ვეგანიზმით ის საკვებიც იზოგება, რომლის მოხმარებაც სხვა ადამიანებს შეუძლიათ. თუმცა კიდევ ერთხელ რომ ვისაუბროთ რიცხვებით, 1 კილოგრამი ხორცით, რომლის მისაღებადაც 16 კილოგრამი მარცვლეული იხარჯება, საშუალოდ, მხოლოდ ორი ადამიანის გამოკვებაა შესაძლებელი; მაშინ, როცა ამ 16 კილოგრამ მარცვლეულს მინიმუმ ოცი ადამიანის დაპურება შეუძლია.

5. ნ — ნორმალური ცხოვრება

თუმცა ის, ვისაც ყველაზე მეტად შეგიძლიათ დაეხმაროთ ვეგანად გახდომით, თქვენ თავად ხართ. როცა ვეგანურ დიეტას ირჩევთ, თქვენ გიწევთ მოიძიოთ გზები და რეცეპტები, რომელთა დახმარებითაც ჯანსაღად კვებას შეძლებთ. მცენარეული საკვების მიღებისას თქვენ თავიდან აირიდებთ ნაჯერ ცხიმებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის და რომლითაც განსაკუთრებით მდიდარია ხორცი, რძის პროდუქტები და კვერცხი. დამუშავებული ხორცი, გარდა ნაჯერი ცხიმისა, კანცეროგენია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სიმსივნის განვითარების წინაპირობაც შეიძლება გახდეს. ამას ადასტურებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც და კვლევაც, სადაც ნათქვამია, რომ ქალებში, რომლებიც ხშირად მიირთმევენ დამუშავებულ ხორცს — მაგალითად, ბეკონს ან სოსისს — განსაკუთრებით მაღალია მკერდის სიმსივნის განვითარების რისკი.

ნაცნობი გემოების ვეგანური ალტერნატივის მოძებნა სულ უფრო ადვილი ხდება.

ფოტო: Rustic Vegan / Unsplash

ამას გარდა, ვეგანური კვება დადებით გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევის სისტემაზეც, რაც, სხვა სიკეთეებთან ერთად, სექსუალური ცხოვრებაზეც აისახება. ისიც აღსანიშნავია, რომ მცენარეულ კვებას თქვენს განწყობაზეც შეუძლია იმოქმედოს და უფრო პოზიტიური, მოტივირებული და მხნე გაგხადოთ.

ამ შედეგების დასტურია იმ პროფესიონალი ათლეტების წარმატებული კარიერა, რომლებიც წლებია, ვეგანური დიეტით იკვებებიან. ქართველი სპორტსმენის, გიორგი ბერიკიშვილისთვის, რომელიც მეხუთე წელია, ვეგანია, შეჩვეულ გემოებზე უარის თქმა სირთულე არ ყოფილა და სჯერა, რომ სულიერის მოკვლა, როგორი მიზეზიც უნდა ჰქონდეს ამას, ყველანაირად გაუმართლებელია. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ მცენარეული დიეტა სპორტული შედეგების გაუმჯობესებაში ეხმარება. "არასდროს ასე ძლიერად არ მიგრძნია თავი", — ამბობს ბერიკაშვილი.

6. ი — იმიტომ, რომ ეს შეგიძლია!

ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება იფიქროთ, რომ მაინც რთულია ხორცის გემოზე უარის თქმა. კი, ეს ნამდვილად რთულია, მით უმეტეს, როცა ტრადიციული სამზარეულოს ამდენი კერძი სწორედ ხორცისგან მზადდება; და თუ ფაფის ჭამა სინამდვილეში არც ისე ადვილია, როგორც ამას ქართული ანდაზა ამბობს, მთავარი აქ მაინც მონდომებაა. დასაწყისისთვის შეგიძლიათ, მხოლოდ რამდენიმე დღით სცადოთ მცენარეული კვების რაციონის შედგენა. ამისათვის PETA.org-ზე გზამკვლევებიც არსებობს, რომლებიც ვეგანური ცხოვრების სტილის ცდაში დაგეხმარებათ. ამასთან, თუ პრობლემის სერიოზულობას ბოლომდე გავიაზრებთ, ნებისყოფის გამოჩენაც ნაკლებად გაგვიჭირდება.