თბილისის ზოოპარკში დათვები ისევე შეხვდნენ ახალ წელს, როგორც თქვენ — გემრიელი საჭმლითა და ნაძვის ხეებით.

უფრო ზუსტად კი, ეს ორი რამ დათვებისთვის თითქმის ერთი და იგივეა, რადგან სადღესასწაულო ნაძვის ხეზე ზოოპარკმა ცხოველებისთვის გემრიელი საჭმელები ჩამოკიდა — ვაშლები, სტაფილოები, თივები (წვიმის ნაცვლად), გოგრები...

"ვარსკვლავიც კი დახვდათ, კენწეროში დაკოსებული. ამ ვარსკვლავს მხოლოდ იდეური და ესთეტიკური დატვირთვა კი არ ჰქონდა, სათამაშოც იყო. რომ ჩამოგლიჯეს, მშვენივრად აგორავეს, ფხოჭნეს და დორდლეს", — წერს თბილისის ზოოპარკი ფეისბუქზე.

თუ სახლში ნაძვის ხე უკვე აიღეთ და ქართულ, ტრადიციულ ჩიჩილაკსაც არ უპირებთ დაწვას, შეგიძლიათ ბომბორა დათვები გაახაროთ — ზოოპარკი მოხალისეებს მოუწოდებს, რომ "ახალწელგამოვლილი" ჩიჩილაკები მათ აჩუქონ:

"ძალიან გაგვახარებთ, ჩვენზე მეტად კი — ჩვენს ბინადრებს. ზოოპარკის ყოჩაღი მომვლელები ათასგვარ დანიშნულებას მოუფიქრებენ — სათამაშოებს დაამზადებენ, ზედ ახუნძლავენ რამეებს და ისე შეუტანენ ცხოველებს, გირლიანდებს დაწნავენ".

ასე რომ, თუ 2020 წელს ცხოველებისთვის რამე კარგის გაკეთება გსურთ და ჯერ არ მოგიფიქრებიათ ეს როგორ ქნათ, შეგიძლიათ თბილისის ზოოპარკის დათვების გახარებით დაიწყოთ.