მარტინ სკორსეზე კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორია, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში არაერთი გახმაურებული ფილმი გადაიღო. მათ შორისაა გასულ წელს გამოსული The Irishman, რომელმაც ოსკარის 10 ნომინაცია მიიღო.

77 წლის ლეგენდარული რეჟისორი კვლავ აგრძელებს ახალ პროექტებზე მუშაობას, რომელთან ერთ-ერთში ორ საკულტო მსახიობს — რობერტ დე ნიროსა და ლეონარდო დიკაპრიოს ერთად ვიხილავთ.

ამის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია მანამდეც ვრცელდებოდა, თუმცა 20 იანვარს გამართულ კინომსახიობთა გილდიის 26-ე დაჯილდოებაზე ის ოფიციალურად დადასტურდა: ცერემონიაზე რობერტ დე ნიროს კინოში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდო გადასცეს, ამ პროცესს კი ლეონარდო დიკაპრიო უძღვებოდა. ლეგენდარული მსახიობის შესახებ წარმოთქმულ სიტყვაში კი დიკაპრიომ ახსენა, რომ მალე ისინი ერთად ახალ ფილმში ითამაშებენ:

"ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ორივე მათგანისგან — სკორსეზესა და დე ნიროსგან. იღბლიანი ვარ, რომ შემიძლია მათ თანამშრომლები ვუწოდო: დე ნიროსთან პირველად ფილმ This Boy's Life-ში ვითანამშრომლე, სკორსეზესთან კი Gangs of New York-ში. 30 წლის შემდეგ კი კვლავ რობერტ დე ნიროს გვერდით მუშაობა სკორსეზეს ფილმში Killers of the Flower Moon დიდი პატივია".

ფოტო: Turner / Getty

Killers of the Flower Moon-ს ამავე სახელწოდების მქონე ცნობილი არამხატვრული წიგნის მიხედვით გადაიღებენ, რომელიც ამერიკელმა ჟურნალისტმა, დევიდ გრენმა დაწერა. წიგნი F.B.I.-ს მიერ გასაიდუმლოებული მკვლელობების გამოძიების შესახებ მოგვითხრობს.

მომავალი პროექტი რობერტ დე ნიროსა და მარტინ სკორსეზეს თანამშრომლობის მეათე ფილმი იქნება: მსახიობი ამ იტალიური წარმოშობის რეჟისორის ფილმში პირველად 1973 წელს Mean Streets-ში გამოჩნდა და ბოლოს გასულ წელს The Irishman-ში.

ლეონარდო დიკაპრიოს კი მანამდე უთამაშია სკორსეზეს ისეთ ფილმებში, როგორებიცაა The Aviator, Shutter Island და Wolf of Wall Street. Killers of the Flower Moon მათი მეექვსე საერთო კინოსურათი იქნება.

ფილმის გადაღებები წელს დაიწყება, მისი პრემიერა კი სავარაუდოდ 2021 წელს შედგება.