თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ აპირებს, ლიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაამოწმოს, არის თუ არა რექტორის სადისრეტაციო ნაშრომი პლაგიატი. ამის შესახებ უნივერსიტეტის პრესსამსახურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ რატო უნდა დავინტერესდეთ [ილიაუნიმ რა შეამოწმა]..." — ესაა კონტრშეკითხვა, რომელიც ჟურნალისტებს უნივერსიტეტის პრესსამსახურის თანამშრომელმა დაუსვა.

"ამ ეტაპზე [ნაშრომის პლაგიატზე] შემოწმების საჭიროებას ვერ ვხედავთ", — დასძინა პრესსამსახურის თანამშრომელმა.

უნივერსიტეტი ირწმუნება, რომ არ იციან რა დოკუმენტი შეამოწმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომლის ბლანკით გავრცელებულ დოკუმენტშიც წერია, რომ გიორგი შარვაშიძის დისერტაციის მესამედი პლაგიატია. თუმცა ავრცელებენ, ვერსიას, რომლის მიხედვითაც "მაშინ შეიძლება სხვა სტანდარტები არსებობდა".

ამას გარდა, უნივერსიტეტში აცხადებენ, დისერტაციის ავტორი ტექსტში მადლობას უხდის იმ ჯგუფს, ვინც ტექსტის სადავო ნაწილზე იმუშავა.

"ის 8% რა თანხვედრასაც აჩვენებდა პროგრამა არანაირად არ შეიძლებოდა მიგვეჩნია პლაგიატად. აქ იყო მოხმობილი ტექსტი საკანონმდებლო დადგენილებიდან და ამავე დროს, ტექსტშივე იყო რომ ეს დადგენილებაა და იყო დასახელებული ავტორები, რომლებმაც იმუშავეს, რომ პარლამენტს ეს დადგენილება მიეღო და ის ინსტიტუციებიც კი, მთელი ჩამონათვალი. მეტიც, მადლობაც კი არის მიძღვნილი ამ ჯგუფისადმი, ვინც ამაზე იმუშავა, მართალია ეს შემდეგ ბიბლიოგრაფიაში არ იყო ასახული, მაგრამ ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება ყოფილიყო", — განმარტავენ თსუ-ში.

თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ მასალა 2019 წელს რადიო თავისუფლების და სტუდია მონიტორმა მოამზადა. შარვაშიძე პლაგიატს უარყოფდა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რექტორის დისერტაციაში უცვლელად გადატანილია 2002 წელს ღია საზოგადოების ფონის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტის ტექსტი. სტუდია მონიტორის გამოძიების მიხედვით, ტექსტს წყარო მითითებული არ აქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტის წინააღმდეგ ეთიკის ქარტიაში დავობს.