გამორჩეული ამერიკელი ხელოვანის, კვენტინ ტარანტინოს ერთგულმა ფანებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ რეჟისორი კინოდან წასვლას აპირებს: წლების წინ თავად განაცხადა, რომ, როცა 10 სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებს, კინორეჟისორობას თავს დაანებებს.

კვენტინ ტარანტინოს სურს, რომ თავისი შესაძლებლობები ხელოვნების სხვა მიმართულებითაც გამოსცადოს: მაგალითად, ლიტერატურაში, თეატრში ან თუნდაც სატელევიზიო შოუების შექმნაში.

რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში რეჟისორმა სწორედ იმ პირად მიზეზებზე ისაუბრა, რომლებმაც ამ ნაბიჯის გადადგმა გადააწყვეტინა:

"თავს ისე ვგრძნობ, რომ ჩემი ცხოვრების ფინალური ეტაპი დადგა და დროა, უფრო მეტად გადავინაცვლო ლიტერატურაში, რაც, ალბათ, ახალ მამასავით ან ახალი ქმარივით კარგი იქნება ჩემთვის".

ფოტო: Getty

ტარანტინოს ცოლი, დანიელა პიკი ფეხმძიმედაა და წყვილი პირველ შვილს ელოდება. როგორც ჩანს, მამის პერსპექტივამაც დიდი გავლენა იქონია, რომ მას რეჟისორის სავარძელი უფრო მარტივად დაეთმო:

"აღარ მინდა, რომ ჩემს ოჯახს ხელი ჩავავლო და ყოველი ახალი გადაღებების გამო გერმანიიდან შრი-ლანკამდე ვატარო. უმჯობესი იქნება, რომ უფრო მეტი დრო გავატარო სახლში და უფრო მეტი ყურადღება დავუთმო წერას".

კვენტინ ტარანტინო ცოლთან, დანიელა პიკისთან ერთად კანის კინოფესტივალზე.

ფოტო: Loic Venance / AFP

რეჟისორმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კინოს მომავალში თავის თავს უკვე ვეღარ ხედავს:

"მგონია, რომ რეჟისორობა ახალგაზრდა ადამიანის თავშესაქცევია. ვგრძნობ, რომ კინო იცვლება და მე უკვე ძველი ვეტერანების გუნდს ვეკუთვნი".

კვენტინ ტარანტინო უსახელო ნაბიჭვრების გადასაღებ მოედანზე.

ფოტო: Getty

კვენტინ ტარანტინომ გასულ წელს თავისი მეცხრე ფილმი (Kill Bill-ის პირველ და მეორე ნაწილებს თავად რეჟისორი ერთ სრულ ფილმად მოიაზრებს) Once Upon A Time In Hollywood გამოუშვა, რომელმაც მაყურებლებისა და კრიტიკოსების ერთნაირი მოწონება დაიმსახურა: ფილმს გადაეცა სამი ოქროს გლობუსი, ხოლო მომავალი ოსკარების დაჯილდოებაზე 10 ნომინაციაშია წარდგენილი.

მართალია, არის ალბათობა, რომ ტარანტინომ რეჟისორობაზე სრულად აიღოს ხელი, თუმცა მისნაირი შემოქმედებისგან ყოველთვის უნდა ველოდოთ სიურპრიზებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მან უკვე ისაუბრა Kill Bill-ის მესამე ნაწილის გადაღების ალბათობაზე და სერიალის გადაღების სურვილიც გამოთქვა.