ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს "უკვირს" ახლა რატომ გაასაჯაროვა პოლიციელმა 2014 წელს ლევან იზორიას ძმის დაკავების კადრები, რომელიც "ჩარევის" შემდეგ გაათავისუფლეს. კილაძე კადრებზე საუბრისას ნაციონალურ მოძრაობასაც ახსენებს და ამბობს, რომ ლევან იზორია მათი "დარტყმის ობიექტი" ხშირად ხდება.

"საქმე ძალიან მარტივადა. ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება. მე ძალიან მიკვირს, სად იყო ეს ადამიანი ამ ხნის განმავლობაში, რატომ მაინცდამაინც ახლა მოხდა ამ კადრების გავრცელება. მეორე საკითხია ასევე, ძალიან მნიშნელოვანი, რომ ლევან იზორია ხშირად ხდება ნაციონალური მოძრაობის დარტყმის ობიექტი. ამას, რა თქმა უნდა, თავის ობიექტური მიზეზი აქვს", — განაცხადა სოფო კილაძემ.

მთავარმა არხმა გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ. ვიდეო ტელევიზიას იმ პოლიციელმა მიაწოდა, რომელმაც 2014 წელს იზორიას ძმა დააკავა.