სამხრეთ კორეული ფილმი Parasite გასული წლის ნამდვილ სენსაციად იქცა: მაყურებლებისა და კრიტიკოსების ერთხმად აღიარებასთან ერთად, კანის კინოფესტივალზე ბონგ ჯუნ ჰოს სურათი საუკეთესო ფილმად დასახელდა.

ამავდროულად ფილმმა ოსკარის ექვსი ნომინაცია მიიღო, რითიც პირველი სამხრეთ კორეული ფილმი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კინოკრიტიკოსები ოსკარების მომავალ დაჯილდოებაზე Parasite-ს არა მხოლოდ უცხოენოვანი ფილმის, არამედ წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებასაც კი უწინასწარმეტყველებენ.

იმასთან ერთად, რომ აზიური კინოს ეს თვალსაჩინო წარმომადგენელი წარმატების მწვერვალების დაპყრობას აგრძელებს, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ HBO-ს სურს ფილმის მიხედვით მინისერიალი გადაიღოს.

ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში Parasite-ის რეჟისორმა, ბონგ ჯუნ ჰომაც დაადასტურა, რომ სერიალზე სამუშაოდ მზადაა და მომავალი პროექტის მისეული ხედვაც გაგვიზიარა:

"ყველა მნიშვნელოვანი იდეა, რაც სცენარის წერის დროს გამიჩნდა, ვერ მოვახერხე, რომ ორსაათიან ფილმში სათანადოდ ჩამერთო. თუმცა ეს იდეები iPad-ში მაქვს შენახული და ჩემი მიზანია, რომ მათი საშუალებით სერიალი გაადავიღო, რომელიც ერთგვარი ექვსაათიანი ფილმი იქნება".

ფოტო: CJ Entertainment

რეჟისორის თქმით, ის სამყარო, რომელშიც ფილმის სიუჟეტი ვითარდება, მაყურებლებს ბოლომდე სათანადოდ არ გაუცნიათ. მან ისიც დაამატა, რომ მომავალ სერიალში ასახული ზოგიერთი პერსონაჟის წინა ისტორიისა და თავს გადახდენილი ამბებით კიდევ უფრო უკეთ გავიგებთ მთავარი გმირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივებსა და შედეგებს:

"მაგალითად, პირველ მოსამსახურე დიასახლისს, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს, გვიან ღამით სახლში დაბრუნებისას სახეზე რაღაც სჭირს. ამის შესახებ მას ქმარიც კი ეკითხება, თუმცა არ პასუხობს. მე ვიცი რა მოუვიდა მას. ასევე ისიც ვიცი, საიდან იცოდა იმ სახლში ბუნკერის არსებობის შესახებ სწორედ მან. რა ურთიერთობა ჰქონდა ამ ქალს სახლის არქიტექტორთან და საიდან იცოდა ამ ბუნკერის შესახებ? სერიალში სწორედ აქამდე უცნობი ამ დეტალების შესახებ უფრო ვრცლად მოვყვები".

ჯერჯერობით უცნობია, სერიალს ფილმის მსგავსად კორეულ ენაზე გადაიღებენ თუ ინგლისურად ჰოლივუდელი ვარსკვლავების მონაწილეობით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერიალზე ბონგ ჯუნ ჰოსთან ერთად იმუშავებს ფილმ Vice-ის რეჟისორი, ადამ მაკკეი.