არასოდეს მოგსვლიათ თავში შეკითხვა, რატომ არ ჩნდება ათასი მილიარდელი სტივ ჯობსის ბიოგრაფიაზე დაწერილი წიგნის წაკითხვის შემდეგ? თუ კარგად მოვიძიებთ, შეიძლება, ერთი მსგავსი ადამიანი ვიპოვოთ კიდეც, მაგრამ დიდი ალბათობით მას ამ წიგნის წაკითხვამდეც ექნებოდა საფუძველი შექმნილი თავის სფეროში წარმატების მისაღწევად.

მართლაც, რატომაა ბიზნესთა უმრავლესობა კრახისთვის განწირული, როცა არსებობს წიგნები, რომლებიც დეტალურად აღწერენ მილიარდელთა ცხოვრებისეულ პრინციპებს, წესებსა თუ წარმატებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს? ეს ისტორიები თითქოსდა წარმატების ზუსტ ფორმულებს გვანდობენ. მაგრამ, სინამდვილეში, მსგავს გაწერილ სტრატეგიათა მიყოლა დროისა და ფულის ხარჯვაა, რადგან ცალკეული წარმატების ზუსტად გამეორებას ვეღარავინ ახერხებს.

და მაინც, წარმატების ისტორიებზე მომთხრობი წიგნები გამუდმებით ექცევა ბესტსელერების სიებში. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ გადარჩენილ თვითმფრინავებს ვითვალისწინებთ. ალბათ იკითხვთ, რა შუაშია ამ ყველაფერთან თვითმფრინავები? ახლავე აგიხსნით.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ნიუ-იორკში, უნგრელ მათემატიკოსს, აბრაჰამ ვალდს დაავალეს სამხედრო თვითმფრინავების სუსტი ნაწილების გამოვლენა. აღმოჩნდა, რომ დაბრუნებულ დაზიანებულ თვითმფრინავებს ყველაზე ხშირად ფრთები ჰქონდათ ტყვიებით დაცხრილული, მაშინ, როცა, მაგალითად, ძრავა და საწვავის ავზის ნაწილები თითქმის მთლიანად მრთელი იყო. ამერიკის თავდაცვის ძალების წინაშე დადგა შეკითხვა: რომელი ნაწილების გამაგრება იყო საჭირო, რათა მეტი თვითმფრინავი დაბრუნებულიყო ფრონტის ხაზიდან სახლში? რა თქმა უნდა, იმ ნაწილების, რომლებიც ყველაზე მეტად იყო დაზიანებული, — იტყვით ალბათ თქვენ და ამერიკაშიც თავდაპირველად ამავე დასკვნამდე მივიდნენ.

მეორე მსოფლიო ომში დაზიანებული აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის, B-17 Flying Fortress-ის ფრთა.

ფოტო: Public Domain

მაგრამ ვალდმა განაცხადა, რომ ფრთების გამაგრება არაფერს არგებდათ; ეს ნაწილები ხომ ისედაც ძლიერი იყო, რადგან თვითმფრინავები მათი დაზიანების შემდეგაც ახერხებდნენ დაბრუნებას. სამაგიეროდ, საბრძოლო შეტაკებიდან ისეთი არცერთი თვითმფრინავი დაბრუნებულა, რომელსაც ძრავა ან საწვავი ავზი ექნებოდა დაზიანებული. ამის მიზეზი კი ერთადერთი შეიძლებოდა ყოფილიყო — მსგავსი დაზიანებების მქონე თვითმფრინავები, უბრალოდ, ვერ გადარჩნენ. ამიტომ უფრო მართებული იქნებოდა, თუ მექანიკოსები ყველაზე კარგად შემონახულ ნაწილებზე გაამახვილებდნენ ყურადღებას, რათა დაზიანების შემთხვევაში მათ მეტი სიმტკიცე შეენარჩუნებინათ.

როცა თვით აშშ-ის თავდაცვის ძალებშიც კი გამოეპარათ ამხელა ლოგიკური შეცდომა, რაღა უნდა ვთქვათ ჩვენზე, რიგით მოქალაქეებზე? მაინც, რატომ და რამდენად ხშირად ვუშვებთ მსგავს შეცდომებს?

როცა ჩვენ მოვლენებს მარტო ცალმხრივად ვიაზრებთ და არ გვსურს, ცხვირწინ არსებული ფაქტების მიღმა გახედვა; როცა პაზლის მხოლოდ ცალკეულ ნაწილებს მივაჩერდებით და არ გვინდა სრული სურათის წარმოდგენა; როცა მხოლოდ პოზიტიურ შედეგზე ვართ კონცენტრირებულნი და უფრო ზოგად ლოგიკურ ბმებს არ ვითვალისწინებთ, ჩვენ მიკერძოებულნი ვხდებით — სწორედ ამ მდგომარეობას ეწოდება მიკერძოების ფენომენი.

ამიტომაა, რომ სტივ ჯობსის წარმატების ფორმულა სხვებზე ვერ ამართლებს. ის, შეიძლება ითქვას, "გადარჩენილი თვითმფრინავია". მის მიერ განვლილ გზას ზედმიწევნით ზუსტადაც რომ მივყვეთ, დიდი ალბათობით, მაინც ვერ მივაღწევთ ანალოგიურ შედეგს, რადგან ვერ გავითვალისწინებთ იმ დროს, რომელშიც ის არსებობდა; ხალხს, რომელიც მას გარს ეხვია; ადგილს, სადაც ის ცხოვრობდა და, უბრალოდ, ბედის ბანალურ ფაქტორებს.

სტივ ჯობსის ბიოგრაფიის გამოცემიდან მხოლოდ პირველი კვირის განმავლობაში და მხოლოდ აშშ-ში წიგნის 379 ათასი ასლი გაიყიდა.

ფოტო: Magnolia Pictures

როგორც უკვე ვახსენეთ, ძალიან ბევრი ბიზნესი დასაწყისშივე განწირულია. სამწუხაროდ, მათი წამომწყებნი არ წერენ წიგნებს, ჩემი წარუმატებლობის 10 მიზეზი, არ იღებენ ფილმებს, გზა ბიზნესის დაკარგვამდე და არც ისეთ სტატიებს აქვეყნებენ, სადაც დაშვებულ შეცდომებს ჩამოთვლიდნენ. არადა, სულ ტყუილად. ზოგჯერ სწორედ მსგავსი ინფორმაცია გვაკლია პაზლის ბოლომდე ასაწყობად.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმატებული ხალხის გამოცდილება გამოსადეგი არაა. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ცოდნა საკმარისია არაა ჩვენი მიზნის მისაღწევად.

მიკერძოების ფენომენით გამოწვეული შეცდომები ხშირად მედიისა და პოპკულტურის დახმარებითაც ვრცელდება. ამის მაგალითია, როცა საბავშვო გადაცემებიდან ან სხვადასხვა ფერადი წიგნიდან გვასწავლიან, რომ დელფინები კეთილი და ადამიანის მეგობარი ცხოველები არიან. ამ მოსაზრების გასამყარებლად კი ის შემთხვევებია მოყვანილი, როცა ეს ცხოველები დახრჩობის პირას მყოფ ადამიანებს ნაპირისკენ მიცურვაში დახმარებიან. ამ დროს სულ გვავიწყდება, რომ დელფინები გარეული ძუძუმწოვრები, ყველაფერთან ერთად კი მტაცებლებიც არიან. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ იშვიათად ვისმენთ ისტორიებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც დელფინები თავს დაესხნენ.

დელფინების სიკეთეზე შექმნილი სტერეოტიპი ხშირად გვავიწყებს, რომ ისინი მტაცებელი ძუძუმწოვრები არიან.

ფოტო: NOAA / Unsplash

და, მართალია, ჩვენ თითქმის არ გვაქვს ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც დელფინების მსხვრეპლნი გახდნენ, მაგრამ მსგავს ინციდენტთა შესახებ, შეიძლება, იმავე მიზეზით არ ვიცით, რა მიზეზითაც არ ბრუნდებოდნენ ამერიკაში საბრძოლო ველიდან ძრავადაზიანებული თვითმფრინავები: იმისთვის, რომ ისტორიის მოყოლა შეძლო, შემთხვევას ცოცხლად უნდა გადაურჩე. სამაგიეროდ, რამდენიმე პოზიტიური ამბავი საკმარისი გახდა, რათა საინფორმაციო გადაცემებისა თუ პრესის მიერ კეთილი დელფინების მიერ გადარჩენილი ადამიანების ისტორია მილიონობით ყურამდე მისულიყო და ამ ცხოველზე მიკერძოებული სტერეოტიპი ჩამოყალიბებულიყო.

ჩვენ იმდენად ხშირად მოგვეწოდება მცდარი ან არასრული ინფორმაცია, რომ ხშირად ოფიციალური კვლევების გადაკითხვით თავს არც ვიწუხებთ. ალბათ ერთხელ მაინც ყველას გაუგია უდარდელი მეგობრისგან, 80 წლის ბაბუაჩემი თითქმის 18 წლიდან ეწევა სიგარეტს და მაინც არათუ ჯანმრთელობის პრობლემები, თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია თავიდან, დღემდე ცხოვრების აქტიურ წესს მისდევს, ლაშქრობებში დადის და ყოველდღე ვარჯიშობსო... ჩვენც გაოცებულნი ვისმენთ ამ ყველაფერს და გვავიწყდება, რომ ცალკეული ადამიანი რაღაც მიზეზით თუ გადაურჩა ნიკოტინის მავნე ზემოქმედებას, სამაგიეროდ, ბევრი სხვა ნაადრევად გარდაცვლილა ან სიცოცხლის ბოლომდე მოწევით გამოწვეული ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით დატანჯულა.

იმის საილუსტრაციოდ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთი შეხედვით შეუმჩნეველ დეტალებს სწორი დასკვნის გამოტანაში, ერთი საბავშვო გამოცანის გახსენება შეიძლება, რომელზეც პასუხის გაცემისას არათუ ბავშვები, უფროსებიც ხშირად დაბნეულან. პირობის მიხედვით, ერთ პატარა სოფელში მხოლოდ ორი სტილისტი ცხოვრობს. მათგან ერთთან მუდამ წესრიგია, თავად სტილისტს კი კოხტად აქვს თმა შეჭრილი. ამ დროს მეორე სტილისტი, კოლეგისგან განსხვავებით, არც თუ ისე მიმზიდველ ვარცხნილობას ატარებს და არც მისი სალონი ბრწყინავს მშვენიერებისგან. რომელ სტილისტთან უნდა მივიდეთ, რათა სალონიდან სასურველი შედეგით დავბრუნდეთ სახლში? თუ დაუფიქრებლად ვიტყვით, რომ ჩვენს თმას პირველ სტილისტს ვანდობთ, არ გავითვალისწინებთ იმის დიდ ალბათობას, რომ ამ უკანასკნელს თმა კოხტად სწორედ მეორე სტილისტმა შეჭრა.

წარმატების საიდუმლო საკუთარი, უნიკალური გზის პოვნაშია.

ფოტო: Jamie Street

მართალია, სხვის წარმატებაზე პასუხისმგებელი ყველა ფაქტორის ერთბაშად გათვალისწინება რთულია, მაგრამ თუნდაც იმის ცოდნა, რომ მსგავსი მიკერძოება არსებობს, უკვე ერთით წინ გადაგმული ნაბიჯია მოვლენების მეტი სიზუსტით აღქმის საკითხში.

იმისათვის, რომ მსგავსი შეცდომები ნაკლებად დავუშვათ, უმჯობესია, მეტი კრიტიკული შეკითხვა დავსვათ: რამდენად ვფლობ საკმარის ინფორმაციას? ვხედავ მე მოვლენების სრულ სურათს თუ მხოლოდ მის ნაწილს? რამდენად ლოგიკურია არსებული ფაქტებიდან ჩემ მიერ გამოტანილი დასკვნა?

მიუხედავად ყოველივე ზემოთხსენებულისა, მაინც არსებობს ის თვისებები, რომლებიც უდავოდ ყველა წარმატების წინაპირობაა; ეს არის გულწრფელი მონდომება და სურვილი მიზნის მიღწევისა, დაუღალავი შრომა, საკუთარი თავის რწმენა და, რა თქმა უნდა, იმის, ცოდნა, რომ ყველას წარმატებისკენ მიმავალი საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ეს გზა არასდროსაა სხვისი იდენტური.