მთავარი პროკურატურის ცნობით, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.

"სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განმარტებით, პანკისის სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელს, ეჩვენებინა ხელები. უწყება ამტკიცებს, რომ ჩხრეკისას ამოღებულია ხელყუმბარა და ამას ეთანხმება გარდაცვლილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

გამოძიების მტკიცებით, ოპერაციაში მონაწილე ყველა პირს ჩატარებული ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი, თითოეულ მათგანს გააჩნდა მრავალწლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდათ საცეცხლე მომზადების არაერთი კურსი.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ უკვე დაიწყო. მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია — ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს.

2017 წლის 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად სუს-მა დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი და სამი წევრის ლიკვიდირება მოახდინა. რამდენიმე კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, პანკისში ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო.