საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონის გვერდის ავლით აპირებს, რომ რუსეთის დელეგაციის ისეთ წევრებს უმასპინძლოს, რომელთაც შესაძლოა ეს კანონი დარღვეული ჰქონდეთ. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთის დელეგაციის წევრის, ლეონიდ კალაშნიკოვს კითხვაზე პასუხად განუცხადა, რომელიც თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალს ეხებოდა.

კალაშნიკოვმა ზურაბიშვილს გაზაფხულზე დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით კითხვის დასმისას უთხრა, რომ "საქართველო ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური, რელიგიური, ეროვნული უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც".

ზურაბიშვილმა კალაშნიკოვს უთხრა, რომ "რუსეთის პოლიტიკისგან განსხვავებით, საქართველოში საერთაშორისო ვალდებულებებს პატივს სცემენ" და ამ ვალდებულებების გამო ეროვნული კანონმდებლობისთვის გვერდის ავლას აპირებენ.

"ეს არ არის მარტივი. ამას მოსახლეობა მარტივად არ მიიღებს, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, ევროსაბჭოს მინისტერიალს მაისში უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალში ფარგლებში შესაძლოა, რომ ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვიც.