რუსეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა ინტერფაქსი ავრცელებს.

როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერი, ტატიანა გოლიკოვა ამბობს, კორონავირუსი ჩინეთის ორ მოქალაქეს აღმოუჩინეს, რომლებიც იმიერბაიკალეთის მხარესა და ტიუმენის ოლქში ცხოვრობდნენ.

გოლიკოვას თქმითვე, ქვეყნის ხელისუფლება ჰუბეის პროვინციიდან, სადაც გავრცელდა ახალი ტიპის კორონავირუსი, მოქალაქეების ევაკუირებას იწყებს. გარდა ამისა, რუსეთი ჩინეთთან ავიამომასვლას შეზღუდავს, გარდა აეროფლოტის რეისებისა პეკინის, შანჰაის, გუანჯოუსა და ჰონგ-კონგის მიმართულებით.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 213-მდე გაიზარდა. ამავე დროს, დაინფიცირებულთა რიცხვმა 9 692-ს მიაღწია, აქედან 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 31 იანვარს დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.

გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვირუსი კვლავ განაგრძობს გავრცელებას, საგანგებო რეჟიმის გამოცხადების მთავარ მიზეზად კი იმ ქვეყნების დაცვა დასახელდა, რომლებიც შეიძლება კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საერთაშორისო საგანგებო რეჟიმს განმარტავს როგორც გამორჩეულ შემთხვევას, რომლის დროსაც "დაავადების გლობალური გავრცელება სხვა ქვეყნებისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოადგენს" და, შესაძლოა, საჭიროებდეს "კოორდინირებულ საერთაშორისო საპასუხო ქმედებას".

გაიგეთ მეტი: