თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ქართული ოცნების დეპუტატებს 5-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლემ დეპუტატების, თარაშ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძისა და ავთანდილ ცინცაძის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

აღკვეთის ღონისძიების სხდომა დღეს, 31 იანვარს გაიმართა, ხოლო საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს, 14 საათზე ჩაინიშნა.

დღეს, 31 იანვარს საკრებულოს წევრებს ქართული ოცნებიდან, მათ შორის, ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას ბრალი წაუყენეს. ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

24 იანვრის ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ინციდენტის კადრებში ჩანს, რომ დეპუტატს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა სცემა. ხაბეიშვილის თქმით, იგი სატელევიზიო ეთერით კორუფციაზე საუბრის გამო სცემეს.

ინციდენტის შემდეგ ოცნების წევრები მომხდარის გამართლებას იმ არგუმენტით ცდილობდნენ, რომ ხაბეიშვილმა "ეს დაიმსახურა".

გარდა ამისა, მათ გააგრძელეს ხაბეიშვილის დისკრედიტაციაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.