ილონ მასკი მოწოდების სიმაღლეზეა — ტესლას აქციების ფასი საგრძნობლად გაიზარდა, ახალი კროსოვერი, Model Y-იც გზაშია. ერთი სიტყვით ტესლას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დგას და ამის დასტურად, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ტრეკი გამოუშვა.

როგორც ჩანს, ილონმა მუსიკის წერასაც მიჰყო ხელი. ეს ტრეკი თქვენს მოტივატორად რამდენად გამოდგება, არ ვიცით, მაგრამ მისი სახელი ღრმად შთამაგონებელია — Don’t Doubt Ur Vibe.

ილონ მასკი, რომელმაც ტვიტერზე ახლა E "D" M დაირქვა, ამბობს, რომ ტექსტი თვითონ დაწერა და ტრეკში ვოკალური პარტიებიც პირადად მისი შესრულებულია.

თუ სიმღერას მოუსმენთ, მიხვდებით, რომ ეს ის საქმე არაა, რაც ილონს ყველაზე კარგად გამოსდის, თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ ცხოვრებაში უარესი რამეებიც მოგვისმენია.

სხვათა შორის, ეს მასკის მუსიკალური შემოქმედების პირველი მაგალითი არ არის, მან 2019 წლის მარტში ტრეკი RIP Harambe გამოუშვა, რომელიც ცინცინატის ზოოპარკში მოკლულ გორილას მიუძღვნა.