სულ ცოტა ხნის ნეტფლიქსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერიალ The Crown-ს ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის პროტოტიპის ახალი შემსრულებელი ჰყავს — 64 წლის მსახიობი იმელდა სტონტონი.

ეს სერიალი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, ძირითადად სწორედ დედოფლის ირგვლივ განვითარებულ პირად და პოლიტიკურ დეტალებს ასახავს. მთავარ როლს თავდაპირველად კლერ ფოი ასრულებდა, მესამე სეზონში კი ის ოსკაროსანმა მსახიობმა, ოლივია კოლმანმა ჩაანაცვლა.

ნეტფლიქსმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერიალი მეხუთე სეზონით დასრულდება: მეოთხე სეზონში კვლავ ოლივია კოლმანს ვიხილავთ, ფინალურ სეზონში კი უკვე იმელდა სტონტონი გამოჩნდა.

"თავიდანვე დიდი სიყვარულით ვუყურებდი The Crown-ს. როგორც მსახიობისთვის, ერთი სიამოვნება იყო იმის ნახვა, თუ როგორი განსაკუთრებული და უნიკალური გახადეს კლერ ფოიმ და ოლივია კოლმანმა პიტერ მორგანის სცენარი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ გამორჩეულ შემოქმედებით ჯგუფს ვუერთდები და სერიალს ფინალურ ეტაპამდე მივიყვან", — ვკითხულობთ იმელდა სტონტონის განცხადებაში.

სერიალის ჯერჯერობთ ბოლო, 2019 წელს გამოსული მესამე სეზონი 1964-1977 წლებში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობდა, მეოთხე სეზონში კი პრინცესა დიანა გამოჩნდება და მისი პრინც ჩარლზთან პრობლემურ ურთიერთობაზე იქნება მთავარი აქცენტი სიუჟეტურ ხაზში. რაც შეეხება მეხუთე ფინალურ სეზონს, მისი სიუჟეტი 2000-ანების ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე იქნება.

მართალია, სულ რამდენიმე კვირის წინ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა შოკის მომგვრელი განცხადებით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიეს, თუმცა, როგორც ჩანს, სერიალის სიუჟეტური ხაზი ამ მოვლენებამდე დასრულდება.

დასასრულზე ფიქრმა ერთგული მაყურებლები, შესაძლოა, დაასევდიანოს, თუმცა ჯერ ამაზე დარდი ნაადრევია, თანაც მაშინ, როცა ვიცით, რომ ოქროს გლობუსის, ემისა და კიდევ არაერთი ჯილდოს მფლობელ ამ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სატელევიზიო შოუს კიდევ ერთი სახელოვანი ბრიტანელი მსახიობი შემოუერთდება.