გენერალური პროკურორობის კანდიდატი და ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ პროკურატურა, როგორც ინსტიტუცია, საქართველოს ისტორიაში პირველად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას. შოთაძემ ამის შესახებ საპროკურორო საბჭოში გასაუბრებისას პროკურორის დამოუკიდებლობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

შოთაძის თქმით, სისტემის გამოწვევად არა ინსტიტუციური, არამედ პროკურორების ინდივიდუალური დამოუკიდებლობა რჩება.

"კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის პროკურატურის დამოუკიდებლობა არის უმნიშვნელოვანესი გარანტი. გამოვყავი ორი მიმართულება, პროკურატურის, როგორც ინსტიტუციური უწყების დამოუკიდებლობა და ეს არის მისი თანამშრომლების, პროკურორების ინდივიდუალური დამოუკიდებლობა. პირველს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი საკანონმდებლო მოდელით უზრუნველყოფილია პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. ფაქტიურად, საქართველოს ისტორიაში პირველად გვაქვს, როდესაც არსებული სტრუქტურა პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც პროკურატურა დგას", — განაცხადა შოთაძემ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა. გენერალური პროკურორობა 16 კანდიდატს სურს.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.

არასამთავრობოები მოუწოდებენ საპროკურორო საბჭოს, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირონ.