საპროკურორო საბჭომ ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. საბჭოს 12 წევრმა შოთაძე გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატიდან ფარული კენჭისყრით აირჩია. პირველი ეტაპის მსგავსად მეორე ეტაპიც ხმათა უმრავლესობით გადალახა, მან ყველაზე მეტი, 11 ხმა მიიღო.

საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძის კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო. არასამთავრობოები მოუწოდებენ საპროკურორო საბჭოს, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირონ.