საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში პირადად ჩაბმას აპირებს. ამის შესახებ სააკაშვილი ფეისბუქზე ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისივე თქმით, პირველი მარტიდან "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე გახსნის საკუთარ შტაბს:

"რა თქმა უნდა, მე გვერდზე ვერ გავდგები და გადავწყვიტე, უკვე ღიად, აქტიურად, ორგანიზაციულად, ჩავერთო ჩვენი ხალხის დასახმარებლად, ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად და საქართველოს სწრაფი განვითარების გზაზე მყარად დასაბრუნებლად".

იგი წერს, რომ მომხრეა ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობის და, ასევე, მომხრეა ბევრი ახალი ადამიანი ჩაერთოს პოლიტიკაში.

"ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა. ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას მე გვერდით", — წერს სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე.