დღეს, 8 თებერვალს კორონავირუსის შედეგად კიდევ 86 ადამიანი დაიღუპა. The Washington Post-ის ცნობით, ჩინეთში დაფიქსირდა აშშ-სა და იაპონიის მოქალაქეების სიკვდილის პირველი შემთხვევა. აშშ-ს მოქალაქე ვუჰანის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე, ვუჰანში გარდაიცვალა 60 წელს გადაცილებული იაპონელი კაცი.

გარდა ამისა, ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა აღმოსავლეთ საფრანგეთში, სათხილამურო კურორტთან. ადგილზე დიდი ბრიტანეთის ხუთ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შედეგადაც 2 სკოლაში სწავლა შეწყდა. ინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი სტუდენტია.

დაღუპულთა რიცხვმა ჯამში 723-ს მიაღწია. გლობალურად, ვირუსის 34 400 შემთხვევა დაფიქსირდა 27 ქვეყანაში. დაღუპულთა შორისაა ექიმი ლი, რომელსაც გმირად მიიჩნევენ. მან პირველმა ატეხა განგაში მოსალოდნელ ეპიდემიაზე, თუმცა არავინ უჯერებდა. ექიმი ლი ამავე დაავადებით 6 თებერვალს გარდაიცვალა. მას პაციენტისგან გადაედო დაავადება.