ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ხელისუფლებასთან ვაჭრობასა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ აპირებს. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში გადაცემა გიორგი თარგამაძის ფორმულაში ისაუბრა.

უგულავა არ გამორიცხავს, რომ ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების დაკავებები ხელისუფლებასთან ვაჭრობის საგანი იყოს.

"[ბიძინა] ივანიშვილი, როგორც ბუნებით ქორვაჭარი, შეიძლება, ასე უდგებოდეს საკითხს. მაგრამ აქაც მინდა იმედი გავუცრუო. არანაირი ვაჭრობა ხელისუფლებასთან არ იქნება, არანაირი საპროცესო შეთანხმებები და ბრალის აღიარებები ხელისუფლებასთან არ იქნება. არანაირი ვაჭრობა, დაგიჭერ და მერე 100/50-ზე და ხელისუფლების ძალით შენარჩუნების მცდელობა არ იქნება", — აღნიშნა უგულავამ.

10 თებერვალს უზენაესი სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას საქმე უნდა განიხილოს. როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია განმარტავს, უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში, რომელმაც საქმე უნდა განიხილოს, შალვა თადუმაძე და მერაბ გაბინაშვილი შედიან:

"ეს არის საქმე, რომელიც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დასრულდა იმგვარად, რომ გიგი უგულავას სასჯელი ჩაეთვალა უკვე მოხდილად. დღეს, როდესაც ამ სასამართლომ განაახლა ამ საქმის განხილვა, გვაქვს ეჭვი, თადუმაძისთვის დავალებაა მიცემული, გიგი უგულავას თავისუფლება იქნეს აღკვეთილი.

ჩვენ ისე, რომ სხდომაშიც ვერ მივიღებთ მონაწილეობას, გავიგებთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თადუმაძე, რომელიც ამ საქმის საკასაციო საჩივრის მომზადებისას და როდესაც პროკურატურა აწარმოებდა ამ საქმეზე სამართალწარმოებას, იყო გენერალური პროკურორი. რამდენიმე თვის წინ ის იყო ამ საქმის პროკურორი და ახლა არის ამ საქმის მოსამართლე".

2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ თბილისის რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს, თბილისის მერიამ დააფუძნა ააიპ თბილისის განვითარების ფონდი. თბილისის მერმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა: თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად.