მართალია, გასული წლიდან მოყოლებული თითქმის ყველა მნიშვნელოვან დაჯილდოებაზე გამორჩეულ ესპანელ რეჟისორს, პედრო ალმოდოვარს დიდებაში სამხრეთ კორეული ფილმი Parasite შეეცილა, თუმცა 70 წლის რეჟისორი გაჩერებას სულაც არ აპირებს და უკვე ორი მნიშვნელოვანი ახალი პროექტიც დააანონსა.

IndieWire-სთან ინტერვიუში ალმოდოვარმა დაადასტურა, რომ თავის შემოქმედებაში პირველად ინგლისურენოვან ფილმს გადაიღებს. თანაც არა მხოლოდ ერთს, არამედ უკვე ორ პროექტზე იწყებს მუშაობს.

მისი პირველი ინგლისურენოვანი ფილმი მოკლემეტრაჟიანი იქნება და მასში მთავარ როლს ტილდა სუინტონი შეასრულებს. ალმოდოვარი ფილმს ცნობილი ფრანგი მწერლის, ჟან კოქტოს ერთმოქმედებიანი პიესის The Human Voice მიხედვით გადაიღებს: პიესის სიუჟეტი თითქმის მთლიანად ქალის სატელეფონო საუბარზეა დაფუძნებული, რომელიც მოულოდნელად გაიგებს, რომ მისი შეყვარებული სხვა ქალზე ქორწინდება.

"ძალიან უცნაურია, როცა მეგობრები მეკითხებიან, რის გაკეთებას ვაპირებ მომავალში და ისინი ჩემი პასუხით გაოცებულები რჩებიან: მინდა, რომ მოკლემეტრაჟიანი, დაახლოებით 15 წუთის ხანგრძლივობის ფილმი გადავიღო და არა სერიალი. ეს ჩანაფიქრი ძალიან მომწონს და ბედნიერი ვარ, რომ მის განხორციელებას შევძლებ", — ამბობს რეჟისორი.

ალმოდოვარის თქმით, ფილმის გადაღებები ამ აპრილს მადრიდში დაიწყება და ძალიან სურს, რომ მისი პრემიერა წლის ბოლომდე შედგეს. რეჟისორმა ტილდა სუინტონთან მუშაობის პერსპექტივაზეც ისაუბრა:

"ფილმზე მუშაობისას გჭირდება, რომ ვიღაცას შენი ბოლომდე ესმოდეს. ტილდას შემთხვევაში სწორედ ასე გამოვიდა: ის საოცრად ღია და გონიერია. საცდელ რეპეტიციებზე ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ".

პედრო ალმოდოვარი ფილმ Pain And Glory-ის გადაღებებზე.

ფოტო: El Deseo

მოკლემეტრაჟიან ფილმთან ერთად ალმოდოვარი სრულმეტრაჟიან კინოსურათზე მუშაობასაც აპირებს, რომელსაც ამერიკელი მწერლის, ლუსია ბერლინის მოთხრობების კრებულის A Manual for Cleaning Women მიხედვით გადაიღებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ითამაშებს ამ ფილმში, თუმცა, სავარაუდოდ, მისი გადაღებები ამერიკაში იქნება.

ინტერვიუს ბოლოს თანამედროვე კინოს გამორჩეულმა რეჟისორმა, პედრო ალმოდოვარმა თავის ჯერჯერობით ბოლო ფილმიდან, Pain And Glory-დან მთავარი გმირის სიტყვები გაიხსენა:

"როცა სალვადორ მალო ამბობს, რომ ფილმების შექმნის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ეს სიმართლეა. მეც სწორედ იმავეს ვგრძნობ, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ დიდი ან პატარა ფილმების გადაღება მჭირდება. მთავარია, მომავალზე ვიფიქრო და ახლა სწორედ ამას ვაკეთებ".