რადიო თავისუფლებისა და სტუდია მონიტორის ერთობლივი პროექტის, თავისუფლების მონიტორის საგამოძიებო ფილმების ჩვენება ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე შეწყდა. პროექტის მომდევნო ფილმი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქონებასა და ბიზნესს შეეხება, 15 თებერვალს ტელეკომპანია ფორმულაზე გავა.

რუსთავი 2-სა და რადიო თავისუფლებას შორის თანამშრომლობის შეწყვეტაზე თავდაპირველად მედიაჩეკერმა დაწერა და რადიო თავისუფლების რედაქტორმა, ნინო ჯაფიაშვილმა On.ge-ს დაუდასტურა.

როგორც მედიაჩეკერი წერს, ტელეკომპანიაში საგამოძიებო ფილმების არგაშვების მიზეზად რადიო თავისუფლებასთან დადებული კონტრაქტის დასრულებას ასახელებენ. ამავე დროს, რადიო თავისუფლება თანამშრომლობის გასაგრძელებლად მზად იყო, თუმცა, რუსთავი 2-მა გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა.

ბოლო საგამოძიებო 24-ე ფილმი ეთერში 2019 წლის 18 იანვარს გავიდა, რითაც კონტრაქტით გათვალისწინებული რაოდენობა ამოიწურა.

"მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობდა კითხვის ნიშნები, გაგრძელდებოდა თუ არა რუსთავი 2-ზე გადაცემა თავისუფლების მონიტორი, რადიო თავისუფლება მზად იყო ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, თავის მხრივ, საგამოძიებო ფილმი მოამზადა სტუდია მონიტორმაც და ფილმის გასვლამდე სამი დღით ადრე, ოთხშაბათს, 29 იანვარს, ტელევიზიას ფილმის სამუშაო ვერსია გაუგზავნა. ფილმი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ქონებასა და ბიზნესებს შეეხებოდა. საბოლოო შეტყობინება პროექტის დროებით შეჩერებაზე რადიო თავისუფლებამ სწორედ ამ დროს მიიღო", — წერს მედიაჩეკერი.

ზუსტად რა ფორმით და ვისთან გააგრძელებენ რადიო თავისუფლება და სტუდია მონიტორი თანამშრომლობას, ჯერჯერობით უცნობია.