შვიდი წლის წინ აღძრულ ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე ოპოზიციის ლიდერს, ნიკა მელიას პროკურატურა ახლა უკვე სააპელაციოში ედავება. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საგამოძიებო უწყებაში დაუდასტურეს. მათი თქმით, სააპელაციოში სხდომა 10 მარტს არის ჩანიშნული.

მთავარ არხთან საუბარში ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ პროკურატურის საჩივარი სააპელაციო სასამართლოში 30 დეკემბერს შევიდა, საქმეს კი მოსამართლე ვეფხია ლომიძე განიხილავს:

"ჩემი მოლოდინია, რომ გამართლდეს ნიკანორ მელია იმ ბრალდებაშიც, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. თუმცა განვითარებული მოვლენების ფონზე უკვე აღარ ვიცი რას უნდა ველოდო".

ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. სასამართლომ მელია საქმის ერთ ეპიზოდში გაამტყუნა, მეორეში კი გაამართლა. ამ განაჩენის შედეგად ნიკა მელიას საპარლამენტო უმრავლესობამ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

საქმე ეხება 2012 წლის დეკემბერში შსს-ს მიერ გაკეთებულ განაცხადს, რომ ორგანიზებულ- დანაშაულებრივ სქემაში სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შსს-ს მტკიცებით, მელიას და ადეიშვილის გეგმით ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართუ პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო უნდა გაკოტრებულიყო. მაშინ ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.