აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკული კინოაკადემია გააკრიტიკა იმის გამო, რომ ოსკარი საუკეთესო ფილმის კატეგორიაში სამხრეთ კორეულ ფილმ პარაზიტს გადასცა. ამის შესახებ პრეზიდენტმა კოლორადოში ერთ-ერთი მიტინგის დროს ისაუბრა.

"ხედავდით, რამდენად საშინელი იყო კინოაკადემიის დაჯილდოება წელს? გაიმარჯვა ფილმმა სამხრეთ კორეიდან. რა ჯანდაბა მოხდა? ჩვენ საკმარისი სავაჭრო პრობლემები გვაქვს სამხრეთ კორეასთან. და ამის შემდეგ ისინი მას წლის საუკეთესო ფილმს ანიჭებენ? ეს ნორმალურია?" — განაცხადა ტრამპმა. მის სიტყვებს კი მხარდამჭერების ოვაციები მოჰყვა.

მიტინგზე ტრამპმა აღნიშნა, რომ უფრო მეტად დაინტერესებულია ამერიკული ფილმებით, რომლებიც 70 წლის წინ გამოდიოდა.

"ქარწაღებულნის მაგვარ ფილმს ვეძებ. შეგვიძლია, რომ ქარწაღებულნი უკან დავიბრუნოთ, გთხოვთ? სანსეტ ბულვარი... ამდენი დიდებული ფილმია", — აღნიშნა ტრამპმა.

გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ არ იცის პარაზიტი რამდენად კარგია:

"ვფიქრობდი, რომ ეს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი იყო. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი — არა, ის საუკეთესო იყო. ასეთი რამ აქამდე მომხდარა?"

ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა პარაზიტის დისტრიბუტორი კომპანია Neon:

"გასაგებია, მან კითხვა არ იცის".

სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი პარაზიტი გახდა პირველი უცხოენოვანი ფილმი, რომელმაც საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი მიიღო. გარდა ამისა, ფილმმა რეჟისორისა და ორიგინალური სცენარის კატეგორიებშიც გაიმარჯვა.

ამავე თემაზე: