სამეგრელოში საფლავების გაქურდვის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულებმა ქალაქ ჩხოროწყუში და სამ სოფელში ათი საფლავი გაქურდეს. უწყების ინფორმაციით, მათ საფლავებიდან მესრების ლითონის დეტალები აიღეს, რომლებიც შემდეგ ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზუგდიდში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტებში ჩააბარეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს.