კვორუმის არარსებობის გამო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა. პრეზიდენტის არჩევნებზე 43 დელეგატიდან 20 გამოცხადდა.

ქართული ოცნების დეპუტატი და რაგბის კავშირის პრეზიდენტობი კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე არჩევნების ჩაშლაში რაგბის კავშირის მოქმედ პრეზიდენტს, გოჩა სვანაძეს ადანაშაულებს, რომელიც ამავე დროს არჩევნებში აბუსერიძის კონკურენტია. აბუსერიძის თქმით, დელეგატები არჩევნებზე ფინანსური დარღვევებზე აუდიტის დასკვნის გამო პროტესტის ნიშნად არ გამოცხადნენ.

თავად გოჩა სვანაძე კი ირაკლი აბუსერიძეს ადანაშაულებს. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ რეგიონებში რაგბის კავშირის დელეგატებზე მაჟორიტარი პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლა ხდებოდა, რათა არჩევნებისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მომდევნო არჩევნები 25 მარტამდე უნდა გაიმართოს.

რაგბის კავშირში პრეზიდენტი ჯერ კიდევ ამა წლის 30 იანვარს უნდა აერჩიათ, თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატების, ირაკლი აბუსერიძისა და ბაჩო ხურციძის განცხადების საფუძველზე 24 თებერვლისთვის გადაიდო.