სულ ცოტა ხნის წინ ბუკერის საერთაშორისო პრემიის წლევანდელი ფინალისტების სია გამოქვეყნდა და ცამეტ რჩეულ ნაწარმოებს შორის წარმოშობით ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის რომანი მერვე სიცოცხლე მოხვდა.

1983 წელს დაბადებული ნინო ხარატიშვილი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და თავის ნაწარმოებებსაც გერმანულ ენაზე აქვეყნებს. რომანი მერვე სიცოხლე (ბრილკას) 2014 წელს დაწერა და ის მთლიანად საქართველოს ერთსაუკუნოვან ისტორიაზე მოგვითხრობს.

წიგნი გასულ წელს ითარგმნა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.

ბუკერის საერთაშორისო პრემია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ლიტერატურული ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ენიდან ინგლისურად თარგმნილ რომანებს შორის საუკეთესოს ასახელებს.

ეს პრიზი სხვადასხვა დროს აუღიათ ისეთ ცნობილ ავტორებს, როგორებიც არიან ისმაილ კადარე, ელის მანრო და ოლგა ტოკარჩუკი. ამ უკანასკნელს ბუკერის საერთაშორისო ჯილდოს მიღებიდან მალევე ნობელის პრემიაც გადაეცა ლიტერატურის დარგში გასულ წელს.

ჟიურის წევრებმა წელს სულ 124 წიგნი განიხილეს და მათგან 13 საუკეთესო გამოარჩიეს. აღსანიშნავია, რომ ნინო ხარატიშვილთან ერთად ფინალისტებს შორის მოხვდა ცნობილი ფრანგი მწერალი, მიშელ უელბეკი რომანით სეროტონინი.

ბუკერის საერთაშორისო პრემია ორ აპრილს გამოაქვეყნებს ფინალისტების მოკლე სიას, 19 მაისს კი გამარჯვებულის ვინაობა გახდება ცნობილი.

გამარჯვებულ მწერალსა და მთარგმნელს, პრიზის სახით 50 000 გირვანქა სტერლინგი გადაეცემა.