ბელარუსიასა და ნიგერიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა. ბელარუსიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირებული სტუდენტია ირანიდან. ნიგერიაში კი ვირუსი იტალიის მოქალაქეს გამოუვლინდა.

"27 თებერვალს ჩატარებული ლაბორატორიული ტესტის მიხედვით ვირუსი ირანის მოქალაქეს გამოუვლინდა, რომელიც 22 თებერვალს დაბრუნდა ბაქოდან. პაციენტი და ის პირები, რომლებსაც მასთან კონტაქტი ჰქონდათ მინსკში კარანტინში იმყოფებიან. კაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ბელარუსიამ 20 თებერვლიდან დაიწყო სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან და ირანიდან მოგზაურების ტესტირება.

რაც შეეხება ნიგერიას, კორონავირუსის პირველი შემთხვევა აქ იტალიის მოქალაქეს დაუდასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირებული მილანიდანაა, ის ნიგერიაში მუშაობს და ლაგოსში 25 თებერვალს დაბრუნდა.

"პაციენტი კლინიკურად სტაბილურია, არ აქვს ძლიერი სიმპტომები და ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს", — ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ნიგერია მოსახლეობის მიხედვით აფრიკის უდიდესი ქვეყანაა და იქ 200 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ნიგერიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაიწყეს მუშაობა, რომ გამოავლინონ ყველა ადამიანის, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით მინიმუმ 2 800 ადამიანი გარდაიცვალა და 83 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაში დადასტურდა. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: