დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას.

29 თებერვლის სხდომაზე საბჭომ გადაწყვიტა, რომ პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანია.