კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში დამონტაჟდება საველე კარვები, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

გარდა ამისა, საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდეს.

ამასთანავე, უკვე დაიწყეს სასწავლო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური ხსნარებით დამუშავება.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე კი — 29 თებერვალს.

ვირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მეორე კი — პირს, რომელმაც ჩრდილოეთ იტალიაში იმოგზაურა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ინფიცირებული საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე ინფიცირებულზე კი ახლა ადგენენ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. მესამე დაინფიცირებულიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. პაციენტს კონტაქტი ჰქონდა პირველ დაინფიცირებულ პაციენტთან, რომელიც ასევე აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა საქართველოში.