დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ვერ გასცემენ. მისივე განმარტებით, ისინი მხოლოდ ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ იძლევიან რეკომენდაციას.

"არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო ის სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული", — განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ჩინეთს გარეთ შემთხვევების მატების შემდეგ საპატრიარქოს მოთხოვნით, მათ შეხვედრა ჩაატარეს და შესაბამისი რეკომენდაციებიც გაიგზავნა.

29 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საპატრიარქო საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. მათი თქმით, ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის, "მორწმუნეები კი ამას არ უშინდებოდნენ".

"საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს".

საპატრიარქო სიცრუეს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით ჰიგიენა დაიცვან. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდეს.

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: