საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზრით, ულტრალიბერალიზმის მახინჯი ფორმები გადაფასებას ითხოვს. მისი თქმით, ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რაც ჩვენთვის ბუნებრივი და ტრადიციულია. ამ თემაზე პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის დროს ისაუბრა.

"უნდა დავძლიოთ დღევანდელი მტკივნეული სოციალური და ეკონომიკური პირობები. ამას სჭირდება მეტი ინიციატივა და სოლიდარობა ეკონომიკაში. ულტრალიბერალიზმის მახინჯი ფორმები ყველგან, და მათ შორის ჩვენთანაც, გადაფასებას ითხოვს. ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რაც ჩვენთვის ბუნებრივი და ტრადიციულია, ესაა შემოქმედებითი წარმოება, რისი მაგალითიც ღვინის წარმოებამ უკვე მოგვცა და რომელსაც დღევანდელ მსოფლიოში უდიდესი პოტენციალი გააჩნია", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალ ეკონომიკურ საწყისებში აუცილებელია დიასპორის ჩართვა, რისთვისაც ახალი ფორმები უნდა მოიძებნოს. ზურაბიშვილის აზრით, არ უნდა დავივიწყოთ ერთ-ერთი მთავარი ქართული ღირებულება — სოლიდარობა. მისი თქმით, ეს არის გზა, რომელიც საქართველოს საქართველოსთან დააბრუნებს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 4 მარტს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია პრეზიდენტის გამოსვლას არ ესწრებოდა. ზურაბიშვილს ბოიკოტი გამოუცხადა ფრაქცია დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც.

გაიგეთ მეტი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე: