კორონავირუსის გამო ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი და რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი თვითიზოლაციაშია. როგორც სენატორი აცხადებს, მერილენდში ერთ-ერთი კონფერენციის დროს მას მცირეხნიანი შეხება ჰქონდა ადამიანთან, რომელიც კორონავირუსით დაავადდა.

სენატორი ამბობს, რომ სიმპტომები ჯერ გამოვლენილი არ აქვს.

"თუმცაღა გადავწყვიტე, რომ ტეხასში, სახლში დავრჩე, სანამ არ გავა 14 დღე", — განაცხადა კრუზმა.

ამერიკის კონსერვატიულმა კავშირმა 7 მარტს განაცხადა, რომ მერილენდში მათ მიერ ორგანიზებული კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს კორონავირუსი დაუდგინდა.

სენატორი ტედ კრუზის განცხადებიდან რამდენიმე საათში კონგრესმენმა პოლ გოსარმა ასევე განაცხადა, რომ ის და მისი სამი თანამშრომელი თვითიზოლაციაში იქნებიან. გოსარი აღნიშნავს, რომ მასაც კონფერენციაზე დაინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

"ამ ადამიანთან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი და ერთმანეთს ხელი რამდენჯერმე ჩამოვართვით. სიმპტომები არავის გვაქვს და თავს კარგად ვგრძნობთ", — აცხადებს კონგრესმენი გოსარი.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 110 ათასამდე დაინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 3,8 ათასამდე მიაღწია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსის შედეგად კი 22 ადამიანი გარდაიცვალა.