ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი არც პროპორციულთან მიახლოვებულ საარჩევნო რეფორმას დაუჭერს მხარს. რუსთავი 2-თან ინტერვიუში დეპუტატი აღნიშნავს, რომ მისი პოზიციის მიუხედავად ცვლილება არ ჩავარდება, რადგან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს:

"მე ამ ზარ-ზეიმს არ ვუერთდები შეთანხმებასთან დაკავშირებით, რადგან ვხედავ მკაფიოდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რა მინუსებს მოუტანს ქვეყანას. კოალიციები, რომლებიც ჩნდებიან, მუდმივი რიგგარეშე არჩევნები, რაც ისედაც სუსტი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკის დამუხრუჭებაა და ა.შ. და მერე დადგება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ პოლიტიკოსის, ვინც ახლა ზარ-ზეიმით არის, რომ რა მაგარ შეთანხმებას მივაღწიეთ", — ამბობს კახა ოქრიაშვილი.

მდინარაძის გარდა, ამ საკითხზე ისაუბრა არჩილ თალაკვაძემაც. მან პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს უმრავლესობის მობილიზებისთვის, რომ ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირონ. თუმცა, გუშინ, 8 მარტს, განსხვავებული პოზიცია გააჟღერა გია ვოლსკიმ. მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია უნდა შეეშვას "ჟივილ-ხივილსა და უსაფუძვლო ყიჟინას", თორემ ეშინია, რომ იგივე განმეორდება, რაც 24 ივნისის შემდეგ, ანუ საარჩევნო ცვლილებების ჩაგდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს, 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.

პროტესტი საარჩევნო სისტემის მოთხოვნით, შეუსრულებელი დაპირება და ჩაშლილი მოლაპარაკებები

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქციები ზაფხულში მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისის ღამეს პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას დაპირება მისცა, რომ 2020 წელს ქვეყანა ამ სისტემაზე გადავიდოდა და კანონპროექტზე მუშაობაც დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით ისევ ქართული ოცნების დეპუტატებმა, კანონპროექტი ჩააგდეს.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა, საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირებები დაიწყო, რომელიც სპეცრაზმმა ორჯერ დაშალა. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის პროპორციულ სისტემას ითხოვდა, რაზეც ხელისუფლება აცხადებდა, რომ არაკონსტიტუციურია.

რამდენიმე კვირიანი პროტესტის შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების მედიატორობით მოლაპარაკებები დაიწყო. სადაც მმართველმა გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირება შესთავაზა. თუმცა, ოპოზიცია ამ თანაფარდებას არ თანხმდებოდა და უფრო პროპორციულ სისტემას ითხოვდა.

მოლაპარაკებები ევროპული საქართველოს წევრის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გამოაცხადა. მომხდარი ოპოზიციამ პოლიტიკური ანგარისწორებად და ოპოზიციის წინააღდეგ ბრძოლად შეაფასა.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით, შემდგომ მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებდა და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდებოდა, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემდა. ოცნების დეპუტატებმა კი უგულავას პატიმრობა "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს" და უარი თქვეს ის პოლიტპატიმრად ეღიარებინათ.

მოგვიანებით, ოპოზიციასა და მმართველმა გუნდს შორის დიალოგი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე გაგრძელდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოცნებასთან შეთანხმებაზე უარს ამბობდნენ. მმართველი გუნდი კი აცხადებდა, რომ საქართველოს გეოგრაფია არ იძლეოდა ამდენ ოლქად ქვეყნის დაყოფის საშუალებას და ოპოზიციას საპასუხოდ 110/40-ზე თანფარდობას სთავაზობდა. დღეს, 8 მარტს კი გაირკვა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება 120/30-იან ფორმატზე შეთანხმდნენ.

გაიგეთ მეტი: