თბილისის საქალაქო სასამართლოში ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის გამო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესი ისევ გადაიდო. იმის გამო, რომ ავთანდილ წერეთელი სამკურნალოდ ავსტრიაში იმყოფება, მისმა ადვოკატმა მოსამართლე გიორგი არევაძეს, დღეს, 10 მარტს ჩანიშნული პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები უნდა დაეკითხათ.

6 თებერვალს, საღამოს TV პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვატო წერეთლის თქმით, მან მამა სააბაზანოში, უგუნო მდგომარეობაში იპოვა. მანამდე, ბრალდებული წერეთელი რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას ესწრებოდა. ვატო წერეთელი მამის მდგომარეობას სწორედ ყოველდღიურ სასამართლო პროცესებს უკავშირებს.

ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების ხელშეწყობის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის ოდენობის გირაო 27 აგვისტოს შეუფარდეს და საზღვრის კვეთა აუკრძალეს. სამკურნალოდ ქვეყნის დასატოვებლად ის უფლებას პროკურატურისგან იღებს.

ავთანდილ წერეთელი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, ხოლო ოჯახი მცირე შემოსავალს TV პირველიდან იღებს.