ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მაია ეზუგბაიას თქმით, დაინფიცირებულების შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან.

"ყველა დადასტურებული ინფორმაცია, ძირითადად, მოდის ჩვენს ცენტრში. თქვენ იცით, რომ რამდენიმე დაწესებულება არის მიმღები COVID-19-ისთვის. 28 პაციენტი არის ჩვენთან და ხუთი პაციენტი არის სხვა კლინიკებში. მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არავინ არ არის", — განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

ჩეხეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გუდაურში ერთ-ერთმა რესტორანმა განაცხადა, რომ ტურისტებს COVID-19 დაუდგინდათ.

რესტორანის მთვრალი ალუბალი ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მათ შეატყობინა, რომ 4 მარტს გუდაურში ჩავიდა ექვსი ჩეხი ტურისტი, რომელთაგანაც სამს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ თავიანთი ვიზიტის განმავლობაში ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში. ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში, რესტორანი დაკეტილია, 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას", — ნათქვამია რესტორნის განცხადებაში.

On.ge დეტალების გასარკვევად რესტორანს დაუკავშირდა. მთვრალი ალუბლის მენეჯერის თქმით, ტურისტებმა საქართველო უკვე დატოვეს და მათ კორონავირუსი ჩეხეთში შესვლისას დაუდგინდათ.

მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ NCDC-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა, ანა კასრაძემ აღნიშნული შემთხვევის შესახებ ფეისბუქზე დაწერა. თუმცა ჩეხეთის სამი მოქალაქის ნაცვლად ის სლოვაკეთის და ჩეხეთის ორ მოქალაქეზე საუბრობს.

კასრაძის თქმით, COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელიც 4-9 მარტს ჰგუდაურში მოგზაურობდა. მისივე თქმით, ჩეხეთის მოქალაქე მოგზაურობდა ექვსკაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19.

"დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია. ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან. საქართველოში მათ არ დაუდასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ", — წერს კასრაძე.

On.ge ცდილობს, დამატებითი ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრისგანაც (NCDC) მიიღოს. ჩეხ ტურისტებთან დაკავშირებით ცენტრის პრესსამსახური ინფორმაციას არ გასცემს და აღნიშნავს, რომ დეტალებს ბრიფინგზე გავიგებთ. თუმცა რომელ საათზე იქნება ბრიფინგი, ჯერ უცნობია.