დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საზოგადოებას მოუწოდა, რომ გაითვალისწინონ კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები და სერვისცენტრებში მისვლისას ერთმეტრიანი დისტანცია დაიცვან. მანვე მოუწოდა ყველას, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენონ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, რომლებიც საზოგადოებას ამ რეკომენდაციას აძლევენ.

"ამგვარი ინციდენტები დღეს დაფიქსირდა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირადობის მოწმობის გატანა შორს დგას სიცოცხლისგან და სიცოცხლე არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ღირებულება", — განაცხადა მან.

მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ არ სურთ მსგავსი ინციდენტების გამო სერვისცენტრები დახურონ, თუმცა დაამატა, რომ თუ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, ამის აუცილებლობა დადგება.

დღეს, 16 მარტს მთავრობის სხდომის შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გავრცელდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს და არ იქნება იქამდე, სანამ ეს გადაწყვეტილებები აღსრულდება, რისთვისაც მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობაა საჭირო.

ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები:

პანდემია და რეკომენდაციები

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 637 ადამიანი, სტაციონარში — 54.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: