აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი ბაქოს ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას მუხტარლის ძმა, რამაზან მუხტარლი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

როგორც Meydan TV წერს, 17 მარტს მუხტარლი გათავისუფლების შემდეგ ციხიდან პირდაპირ გერმანიაში გაამგზავრეს, სადაც მისი ცოლი, ლეილა მუსტაფაევა ცხოვრობს.

აფგან მუხტარლის აზერბაიჯანში 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა იგი პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს.

თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.

მუხტარლის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, აზერბაიჯანის მმართველი გუნდის პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ მუხტარლის დაკავება აზერბაიჯან-საქართველოს სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო. საქმეზე გამოძიება საქართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: